Thumbnail
  • იტალია 1:1 შვეიცარია
  • სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელი საგზურის მოპოვების იმედს არ კარგავს
  • ჟორჟინიოს, რომელმაც 90-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა, ბონუჩიმ გამოექომაგა

იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა შეხვედრაში შვეიცარიას ვერ მოუგო (1:1) და საგზურის მოპოვების საკითხი გადაუჭრელი დატოვა. აღსანიშნავია, რომ რომის “ოლიმპიკოზე” გამართული მატჩის მიწურულს ჟორჟინიომ პენალტი ვერ გაიტანა, რითაც თავის გუნდს 3 ქულის მოპოვების შანსი ხელიდან გააშვებინა. 

თამაშის შემდეგ რობერტო მანჩინიმ მუნდიალის ფინალურ სტადიაზე ჯგუფში პირველი ადგილით მოსახვედრად იტალიის ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

"ვითარება მარტივი არაა, მაგრამ ჩვენ ორი გოლით წინ ვართ. უნდა ჩავიდეთ იქ (ჩრდილოეთ ირლანდიაში), შევეცადოთ ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ და მოვიგოთ. ამასთან, ვიქონიოთ იმედი, რომ ბულგარეთი თავის საუკეთესო მატჩს ჩაატარებს. ორი გოლი არის ორი გოლი. ვითომ არაფერი, მაგრამ ეს ორი გოლია. და ვინ თქვა, რომ ბულგარეთს არ შესწევს ძალა, დადებითი შედეგი აჩვენოს? ჩვენ მეტოქეზე ცოტათი წინ ვართ და ახლა ჩრდილოეთ ირლანდიაში მოგებაზე ვფიქრობთ. 

ფეხბურთელები დაღონებულები არიან (ფრეს გამო) და ეს ნორმალურია. პლუს, ასეთი პენალტი 90-ე წუთზე... ბუნებრივია, იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ ვეღარაფერს ვიზამთ. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ", - აქვეყნებს მანჩინის სიტყვებს იტალიური მედია. 

ჟორჟინიომ 90-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა

ჟორჟინიოს გაცუდებულ პენალტს იტალიის ნაკრების მცველი ლეონარდო ბონუჩიც გამოეხმაურა, რომელმაც თანაგუნდელს მხარდაჭერა გამოუცხადა. 

"ბელფასტში ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვიგოთ, ასეთია ჩვენი მენტალიტეტი. იქ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. ჟორჟინიო ჩვენი პენალტისტია და ასეთად დარჩება. ოთხი თვის წინ მან ფინალში გაგვიყვანა ესპანეთთან გატანილი გადამწყვეტი პენალტით. შეცდომას ყველანი ვუშვებთ. ახლა წინ უნდა ვიყუროთ", - თქვა იტალიელთა კაპიტანმა. 

​ Embed Code ​

რობერტო მანჩინის გუნდი 15 ქულით C ჯგუფის ლიდერად რჩება, თუმცა მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებს შვეიცარიას. შესაბამისად, ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება - 15 ნოემბერს, "სკუადრა აძურა" სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას ეთამაშება, შვეიცარია კი შინ ბულგარეთს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები