Thumbnail

ლიანა ჯოჯუა V კორტნი კეისი - 'ბრძოლა ბოლომდე და მძიმე იქნება!'

თბილისის დროით 14 ნოემბერს, გამთენიისას, ლას ვეგასში, ტურნირში UFC Вегас 42, ოქტაგონზე შერეული ორთაბრძოლების ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუაც გამოვა, რომელიც კორტნი კეისის დაუპირისპირდება. 26 წლის ჯოჯუა ამერიკელს ჯერ კიდევ აგვისტოში უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ მაშინ ეს შეხვედრა ქართველი სპორტსმენის სავიზო პრობლემების გამო ვერ შედგა. 

ლიანამ მომავალ ორთაბრძოლაზე, მეტოქესა და თავის მზადყოფნაზე, ასევე სავიზო პრობლემებზე ისაუბრა.

"ბრძოლისთვის მზადებამ ნახევარ წელიწადზე მეტხანს გასტანა და ძალიან გაიწელა. ბუნებრივია, მოსამზადებლადაც უფრო მეტი დრო იყო, მაგრამ მთლიანობაში, ეს სავიზო პრობლემები უკვე ყელში ამოვიდა და აქამდე თან მდევს…მომდევნო ჯერზე ბრძოლას მხოლოდ მაშინ დავთანხმდები, როდესაც ვიზის საკითხს გადამიჭრიან, რათა იგივე არ გამეორდეს. ეს ძალიან უშლის ხელს მომზადებას. წინა ჯერზე დავიგდე წონა და ბრძოლა გამიუქმდა. დამჭირდა იგივეს გამეორება.

გასათვალისწინებელია, რომ კორტნი კეისის UFC-ში უკვე 12 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ის რომ ცუდი მებრძოლი იყოს, ორგანიზაციაში ამდენ შეხვედრას არ ჩაატარებდა. აქვს ბევრი თანაბარი შეხვედრა, მსაჯთა განსხვავებული შეფასებები. მისი ბევრი ორთაბრძოლა ვნახე. ძალიან კარგი, ძლიერი მებრძოლია და დიდი ხანია UFC-ში გამოდის. მას საკმაოდ სერიოზულ კონკურენტად და ჩემთვის კარგ მეტოქედ განვიხილავ. ზოგადად, UFC-ის მატჩმეიკინგს დადებითად ვაფასებ და რადგან შეგვახვედრეს, ნიშნავს, რომ ერთი დონის მებრძოლებად მიგვიჩნევენ, რომლებსაც კარგი ბრძოლის ჩვენება შეგვიძლია. 

ჩემი ბოლო ორთაბრძოლის (ლიანას მირანდა მავერიკთან ბრძოლისას ცხვირი გაუტყდა და წაგება ჩაეთვალა) შემდეგ მივხვდი, რომ ყველაფერს უნდა უფრთხილდე და ყველა ასპექტი გაითვალისწინო. კორტნი კეისის კარგი დარტყმის ტექნიკა აქვს, ბრწყინვალედ ფლობს ჯიუ-ჯიცუს, სახიფათოა პარტერშიც. ველოდები, რომ თავის წარმოჩენას შეეცდება დგომშიც და პარტერშიც, მაგრამ ამ ასპექტებში მეც კარგად ვაპირებ იმის ჩვენებას, რა შემიძლია. 

მთლიანობაში, მეტოქეს ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ და ვფიქრობ, რომ ის ღირსეული მეტოქეა. ვფიქრობ, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება და ძალიან მძიმე იქნება", - განუცხადა ლიანა ჯოჯუამ Championat-ს. 

ლიანა ჯოჯუა UFC-ში 2019 წლის შემოდგომიდან გამოდის. ქართველმა მებრძოლმა ორგანიზაციის ეგიდით სამი ბრძოლის ჩატარება მოასწრო, საიდანაც ერთ მოიგო და ორი დათმო. ლიანას MMA-ში ჯამში 12 ორთაბრძოლა აქვს გამართული. მის ანგარიშზე 8 მოგება და 4 მარცხია. რაც შეეხება 34 წლის კორტნი კეისის, გამოცდილი ამერიკელი ჯოჯუასთან დაპირისპირებას ზედიზედ ორი მარცხით ხვდება. სულ კი მის ანგარიშზე MMA-ში გამართული 18 შეხვედრა და 9-9 მოგება-წაგებაა.

კომენტარები

ბოლო ამბები