Thumbnail

პოპულარობით მეორე ესპანურმა გამოცემა AS-მა საქართველოს ნაკრების შვედეთის წინააღმდეგ გამარჯვებას (2:0) სტატია მიუძღვნა და ვილი სანიოლის გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა, განსაკუთრებით კი, ცხადია, ხვიჩა კვარაცხელია გამოყო.

“ანდერსონი მართალი იყო. მან თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფრის ჩადება დასჭირდებოდათ და ასეც მოიქცნენ. მათ წინა ხაზზე იბრაჰიმოვიჩი და ისაკი ჰყავდათ, მაგრამ ანდერსონს არ ჰყავდა ხვიჩა კვარაცხელია. ქართველმა შემტევმა საკუთარი გუნდის მიერ შექმნილი არც ისე ბევრი შანსიდან ორი გამოიყენა, თამაში დაასრულა, “სასწაული” შექმნა და შვედეთის ნაკრებს ყატარში გასამართ მუნდიალზე მიმავალი გზა გაურთულა. ჩრდილოელების მიერ შექმნილი ყველა მომენტი გიორგი ლორიამ გაანეიტრალა.

თავიდან საქართველომ შეუტია, თუმცა შემდეგ უპირატესობას შვედები დაეუფლნენ. ლორიამ საკუთარი გუნდის კარი აშკარა გოლისგან იხსნა. ქართველები უსაქმოდ არ ყოფილან - კვარაცხელიას წყალობით მასპინძლებს გატანა პირველ ტაიმშიც შეეძლოთ, თუმცა ლობჟანიძემ არაზუსტად დაარტყა. უნდა ითქვას, რომ პირველ ნახევარში შვედების გუნდმა უამრავი მომენტი გაანიავა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანდერსონის ფეხბურთელებს შანსები შეექმნათ - კლაესონმა ააცილა, ფორსბერგს ლორიამ აჯობა. ამდენი მომენტის გამოუყენებლობისთვის კვარაცხელიამ მეტოქე დასაჯა და ბათუმის სტადიონზე პირველი სიურპირიზიც ვიხილეთ. 

ამ სიტუაციას არავინ მოელოდა და შვედებმა სწრაფი გოლით პასუხის გაცემა სცადეს. ქართველები თავს მოთმინებით იცავდნენ და კონტრშეტევაზე საკუთარ შანსს ელოდნენ, რომელიც მალე მოვიდა. კვარაცხელიამ ბურთი შვედების ნახევარზე მიიღო და ოლსენს მაგარი გოლი გაუტანა. 77-ე წუთის შემდეგ ჩრდილოელები ლორიას კარს უფრო მეტად გულით უტევდნენ, ვიდრე გონებით. შედეგად, საქართველომ მიზანს მიაღწია და პრესტიჟული გამარჯვება მოიპოვა. შვედეთი კი ბათუმში განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ შოკშია…”

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ზედიზედ მოპოვებული 2 გამარჯვებით დაასრულა და B ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება შვედეთის ეროვნულ გუნდს, ისინი ჯგუფში მეორე ადგილზე დაქვეითდნენ და მუნდიალზე პირდაპირ გასასვლელად ზლატანსა და მის გუნდს ესპანეთის სტუმრად დამარცხება დასჭირდებათ.

საქართველო 2:0 შვედეთი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 2:0 კვარაცხელია (77)

საქართველო (3-4-2-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა - ლობჟანიძე (81. ჩაბრაძე), გვილია, კვეკვესკირი (90. აბურჯანია), აზაროვი - წიტაიშვილი (70. დავითაშვილი), კვარაცხელია (80. ყაზაიშვილი) - ოქრიაშვილი (70. ვოლკოვი).

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ლინდელიოფი, ნილსონი, აუგუსტინსონი - კლაესონი (74. კულუშევსკი), სვანბერგი (78. ქვაისონი), ოლსონი, ფორსბერგი - იბრაჰიმოვიჩი, ისაკი (87, კარლსონი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 8 თამაში ჩაატარა (შვედეთთან 0:1, 2:0) ესპანეთთან (1:2, 0:4), საბერძნეთთან (1:1, 0:2), კოსოვოსთან (0:1, 2:1) და 7 ქულით მე-4 ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წელს ამხანაგური მატჩით დაასრულებს, რომელსაც 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები