Thumbnail

‘სხვა გზა არ არსებობს!’ - ზურაბ დათუნაშვილის პოლიტიკური ვიდეომიმართვა

  • მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მოჭიდავემ ვიდეო-მიმართვა გაავრცელა
  • 30 წლის სპორტსმენი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
  • ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ქმედებისკენ მოუწოდებს 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა, რომელმაც სერბეთის სახელით ახლახან მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა, სოციალურ ქსელში პოლიტიკური ვიდეომიმართვა გაავრცელა. 30 წლის სპორტსმენი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნას აპროტესტებს და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვს. 

წელს ზურამ სერბეთს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ოქრო, ოლიმპიადაზე კი ბრინჯაო მოუტანა

ზურაბ დათუნაშვილის თქმით, "ხელისუფლებამ სამარცხვინო არჩევნები ჩაატარა, ხალხს სხვა გზა აღარ დარჩა და ქმედების დროა."

"მოგესალმებით. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში უნდა იყოს ერთადერთი მოთხოვნა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამ მოთხოვნას ხელისუფლებას შევასრულებინებთ მაშინ, როდესაც თითოეული ქართველი და საქართველოს მოქალაქე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფალი, მშვიდობიანი, პროგრესზე, განათლებაზე ორიენტირებული საქართველო, გამოვა და მკაფიოდ მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მხოლოდ ამ გზით ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს სააკაშვილი. სხვა გზა არ არსებობს. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ არჩევნების გზით მას ვერ შევცვლით. ჩაატარეს სამარცხვინო არჩევნები და ახლა ჯერი ჩვენზეა. ქმედების დროა. ქმედების გარეშე გამარჯვება არ მოდის. ვისთვისაც მნიშვნელოვანია გამარჯვებული, თავისუფალი საქართგველო, გამოვიდეთ და დავიცვათ მიხეილ სააკაშვილი", - აცხადებს სპორტსმენი.


შეგახსენებთ, რომ დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან გამოდის და მსოფლიოს ჩემპიონობა კარიერაში პირველად მოიპოვა. ის სამი თვის წინ ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და წელსვე ევროპის ჩემპიონიც გახდა. ამგვარად, სერბეთს წლეულს 3 მედალი შესძინა. ზურაბს საქართველოს სახელით ორჯერ აქვს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების დატოვება 2019 წელს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები