Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი შვედეთის ნაკრებთან სენსაციური, მაგრამ დამსახურებული გამარჯვებით დაასრულა. ეროვნულმა გუნდმა ჯგუფის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 დაამარცხა.

თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩი შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ფრანგმა მწვრთნელმა საუბარი ხუმრობით დაიწყო - სანიოლსა და შვედ ჟურნალისტს შორის ასეთი საუბარი შედგა:

შვედი ჟურნალისტი: "გქონდათ თუ არა გუნდთან კონტაქტი მატჩის მიმდინარეობისას?"

ვილი სანიოლი: "მოგეხსენებათ, დისკვალიფიკაციის გამო ტრიბუნაზე ვიყავი. დიდი ხმა მაქვს, რის გამოც გუნდთან კომუნიკაცია არ გამიჭირდა." 

შვედი ჟურნალისტი: "თქვენს ასისტენტს ყურსასმენი ეკეთა?"

სანიოლი: "კი, საოპერო მუსიკას უსმენდა. გლაზგო რეინჯერსში თამაშობდა 15 წლის წინ და იქ მიეჩვია."

რაც შეეხება სანიოლის პრესკონფერენციის სერიოზულ ნაწილს:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...ხვიჩა კვარაცხელიაზე: „ხვიჩა ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში არ იყო. თუმცა მან იცის, რომ ჩვენგან სრული ნდობა აქვს და ზოგადად, საქართველოში ყველას უყვარს მისი თამაშის ყურება. მე გირჩევთ, რომ ნაკლები ილაპარაკოთ მის ტრანსფერზე და აცადოთ თამაში. შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად მოხდება, რადგან თუ ასე თამაშს გააგრძელებს, აუცილებლად მოხვდება დიდ კლუბში“.

...ოთარ კაკაბაძესა და გურამ კაშიაზე: „კაკაბაძე კოსოვოსთანაც და დღესაც ძალაინ დაგვეხმარა. რაც შეეხება გურამ კაშიას: მასზე ბევრი საუბარი შეიძლება, თუმცა სხვა ფორმატში, ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია“.

'კაშიაზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ სხვა ფორმატში. ახლა კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გურამი შესანიშნავი ფეხბურთელია'

...შვედეთის ნაკრებზე: „მე ვიტყოდი, რომ პირველ თამაშში შვედეთს გაუმართლა და იქ წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. ზოგადად, შვედეთს ესპანეთთან და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. შვედეთის ნაკრები დიდი ხანია, მსგავსი სტილის ფეხბურთს თამაშობს, განსხვავებაა, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩია მოედანზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შვედეთზე ძლიერი გუნდი გვყავს. ვიცით, რომ მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და ამიტომ, ძალიან გვიხარია ეს გამარჯვება“.

...როგორ უნდა მივაღწიოთ სტაბილურობას: „სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ფეხბურთელებს ტრავმები არ უნდა ჰქონდეთ. მარტში ამ მხრივ კარგი მდგომარეობა იყო, სექტემბერში - არა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობა იქნება ჩემს განკარგულებაში."

... ბათუმელ გულშემატკივრებზე: „დიდი მადლობა ქომაგებს ასეთი ატმოსფეროს შექმნისთვის. მათ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშეს. თუმცა, სად უფრო კარგი ატმოსფერო იყო, ესპანეთთან თბილისში თუ დღეს, ნამდვილად ვერ ვიტყვი. საქართველოს ნაკრები ყველა ქართველისაა, იქნება ეს თბილისში, ბათუმში, გორში თუ ქუთაისში“.

საქართველო 2:0 შვედეთი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 2:0 კვარაცხელია (77)

საქართველო (3-4-2-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა - ლობჟანიძე (81. ჩაბრაძე), გვილია, კვეკვესკირი (90. აბურჯანია), აზაროვი - წიტაიშვილი (70. დავითაშვილი), კვარაცხელია (80. ყაზაიშვილი) - ოქრიაშვილი (70. ვოლკოვი).

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ლინდელიოფი, ნილსონი, აუგუსტინსონი - კლაესონი (74. კულუშევსკი), სვანბერგი (78. ქვაისონი), ოლსონი, ფორსბერგი - იბრაჰიმოვიჩი, ისაკი (87, კარლსონი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 8 თამაში ჩაატარა (შვედეთთან 0:1, 2:0) ესპანეთთან (1:2, 0:4), საბერძნეთთან (1:1, 0:2), კოსოვოსთან (0:1, 2:1) და 7 ქულით მე-4 ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი 2021 წელს ამხანაგური მატჩით დაასრულებს, რომელსაც 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთთან ჩაატარებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები