Thumbnail

სანიოლი დისკვალიფიცირებულია! შვედეთთან სათამაშოდ ნაკრებს ხიზანიშვილი გაიყვანს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

დღეს, ბათუმში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩში შვედეთს მასპინძლობს. ამ შეხვედრაში ნაკრებს მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სათადარიგოთა სკამიდან ვერ უხელმძღვანელებს. ეროვნული გუნდის ფრანგი დამრიგებელი დისკვალიფიცირებულია და ეს ახლა გავარკვიეთ.

ამის შესახებ შვედურმა ყოველდღიურმა გაზეთმა "დაგენს ნიჰეთერმა" (DN) დაწერა: "საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, მიუნხენის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი დისკვალიფიცირებულია, რადგან მას ორი ყვითელი ბარათი დაუგროვდა. ამიტომაც, ის ვერ იქნება სათადარიგოთა სკამზე", - წერს შვედური გაზეთი.

"ეს არ არის პირდაპირი უპირატესობა ჩვენთვის, რადგან სანიოლი ალბათ იქვე, ტრიბუნაზე იჯდება", - განაცხადა ლასე იაკობსონმა, შვედეთის ნაკრების ერთ-ერთმა მენეჯერმა.

ვილი სანიოლი შვედეთთან მატჩში არ იქნება

როდის მიიღო ყვითლები ვილი სანიოლმა? პირველად ფრანგი მწვრთნელი საქართველო-ესპანეთის მატჩზე გააფრთხილეს. სანიოლმა ყვითელი ბარათი 91-ე წუთზე დაიმსახურა. ვილი მეორედ უკვე კოსოვოსთან სტუმრად მოგებულ მატჩში გააფრთხილეს, მსაჯმა ჯერ ტაიმი ჩაამთავრა და შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გააფრთხილა.

ასე რომ, შვედეთთან მატჩში ვილი სანიოლი სკამზე არ იჯდება, გუნდს ოფიციალურად მისი პირველი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი გაიყვანს.

კომენტარები

ბოლო ამბები