Thumbnail

როგორ გავხდეთ 73-ე 横綱 | რა პირობა დაუთქვეს ოძეკი ტოჩინოშინს იოკოძუნობისთვის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაგოიას ბაშოზე ტოჩინოშინი ისტორიაში პირველად იჭიდავებს ოძეკის რანგში
  • როგორ შეიძლება გახდეს ოძეკი იოკოძუნა

30 მაისს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოფიციალურად გახდა ოძეკი (ჩემპიონი). ეს კი სუმოს იერარქიაში მეორე წოდებაა იოკოძუნას (დიდი ჩემპიონი) შემდეგ. ტოჩინოშინი სუმოს ისტორიაში მესამე ევროპელი ოძეკია.

ახლა პროფესიული სუმოს 6 დივიზიონში, 700-მდე სუმოისტს შორის ტოჩინოშინზე მაღალი რანგის მხოლოდ 3 სპორტსმენია, სამი დიდი ჩემპიონი - მონღოლები კაკურიუ და ჰაკუჰო და იაპონელი კისენოსატო. 

横綱 - იოკოძუნა (დიდი ჩემპიონი)

მართალია, ტოჩინოშინი ოძეკი გახდა, მაგრამ საერთო შეფასებით, იგი იოკოძუნების დარ ჭიდაობას აჩვენებს. 

რა შემთხვევაში გახდება 30 წლის ქართველი იოკოძუნა?

ოძეკის რანგის სუმოისტი იოკოძუნა გახდება, თუ ზედიზედ ორ ტურნირს მოიგებს, ან "ტურნირის მოგების ტოლფას" შედეგს აჩვენებს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი იოკოძუნას არჩევის კომიტეტის გადასაწყვეტი იქნება. 

თუკი ლევან გორგაძე ივლისში ნაგოიას ბაშოს, ხოლო შემდეგ ტოკიოში სექტემბრის ბაშოს მოიგებს და ის დიდი ჩემპიონის შესაფერის ჭიდაობას აჩვენებს, 2018 წლის ნოემბრის ბაშოსთვის, შეიძლება დიდი ჩემპიონი გახდეს.

სუმოს ისტორიაში სულ 72 იოკოძუნაა ცნობილი

სუმოს ისტორიაში სულ 72 იოკოძუნაა ცნობილი მე-17 საუკუნიდან მოყოლებული. ისტორია ლეგენდარული აკაში შიგანოსუკეთი იწყება, რომელიც უფრო ლეგენდარული პერსონაჟია, ვიდრე ისტორიული პირი. რიგით 72-ე იოკოძუნა კისენოსატოა. მან ეს წოდება 2017 წელს მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები