Thumbnail

ვატო ნაცვლიშვილი: ბოლო 3 არჩევნებზე 1 კანდიდატი გვყავდა - ეს არ არის კარგი...

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 27 დელეგატიდან პაატა გურასპაულს 26-მა დაუჭირა მხარი
  • კალათბურთის ფედერაციის ბოლო 3 არჩევნებზე მხოლოდ 1 საპრეზიდენტო კანდიდატი იყო 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია. მას შემდეგ, რაც შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა, გურასპაულს კონკურენტი აღარ დარჩა და დელეგატების 80%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. უახლოესი 4 წლის განმავლობაში, ქართული კალათბურთის სათავეში პაატა გურასპაული იქნება. არჩევნების დასრულების შემდეგ, მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ფედერაციის ახალი გამგეობა თებერვალში დაკომპლექტდება. გამგეობის წევრთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ჩემი ინიციატივით, ფედერაციის პრეზიდენტი უნდა იყოს არა გამგეობის თავმჯდომარე, არამედ რიგითი წევრი. მჯერა, რომ ახალი გამგეობა იქნება აქტიური და ქმედუნარიანი. ნამდვილად არ ველოდი, რომ შიო ხეცურიანი მოხსნიდა კანდიდატურას და ასე ეულად წარვდგებოდი არჩევნებზე, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ ყველამ ერთად უნდა ვიღვაწოთ. კარი ყველასთვის ღიაა და ერთად უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რასაც ქართული კალათბურთის ხვალინდელი დღე და ქართული კალათბურთის წარმატება ჰქვია”.

კარი ყველასთვის ღიაა და ერთად უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რასაც ქართული კალათბურთის ხვალინდელი დღე და ქართული კალათბურთის წარმატება ჰქვია

26 დელეგატის მხარდაჭერა

34 ხმის უფლების მქონე დელეგატიდან არჩევნებზე 27 გამოცხადდა. 26-მა დელეგატმა პაატა გურასპაულს დაუჭირა მხარი, ერთი კი შიო ხეცურიანს მიემხრო. არჩევნების შემდეგ, საინტერესო კომენტარები გაკეთდა.

გია სანაძე (დელეგატი): “ჩემი პირადი აზრით, ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და გაიმარჯვა ღირსეულმა კანდიდატმა. გამგეობა მაქსიმალურად შეეცადა, რომ ხმის უფლების მქონე დელეგატებზე პროცენტები სამართლიანად ყოფილიყო გადანაწილებული. ვულოცავ პაატა გურასპაულს ამ გამარჯკვებას და ვუსურვებ დიდ წარმატებას.”

ვატო ნაცვლიშვილი (დელეგატი): “გულნატკენი ვარ იმით, რომ არჩევნებში მხოლოდ ერთმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. ასე იყო ბოლო 3 არჩევნებზე და ეს არ არის კარგი. თუმცა, არჩევნები ჩატარდა ფიბას მიერ მოწონებული წესდებით, რომლითაც მომავალშიც უნდა ვიხელმძღვანელოთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გზა პრეზიდენტობამდე გადის დელეგატებზე და არა მოთამაშეებზე”.

არჩევნებში მხოლოდ ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. ასე იყო ბოლო 3 არჩევნებზე და ეს არ არის კარგი

ვლადიმერ ბოისა (კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): “პაატა გურასპაულს 80%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა და მინდა მას ღირსეული გამარჯვება მივულოცო. არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა. გურასპაული არის ის კანდიდატი, რომელიც ობიექტურად აფასებს განვლილ 4 წელიწადს და ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო 4 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ვრჩები თუ არა ფედერაციაში? - ამ თემაზე პაატასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის დადებითად აფასებს ჩვენ მუშაობას და თუ საშუალება მომეცა, ყველაფერს გავაკეთებ ქართული კალათბურთის წინსვლისთვის. რაც შეეხება შიო ხეცურიანის გადაწყვეტილებას, ეს მისი პირადი პოზიციაა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ჩემთვის საწყენია, რომ არის ადამიანი, რომელიც ჩვენ გაწეულ სამუშაოს და განვლილ 4 წელიწადს უარყოფითად აფასებს. ჩემი აზრით, მისი შეფასებები არასწორია”.

განვლილი 4 წლის განმავლობაში. ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, თუმცა იყო რაღაცეები, რაც არ გამოგვივიდა

მიხეილ გაბრიჩიძე

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი): “პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც განვლილი 4 წლის განმავლობაში გვერდში გვედგა. ბევრი კარგი პროექტი გაკეთდა, თუმცა იყო რაღაცები, რაც არ გამოგვივიდა. ამ არჩევნებს ჰქონდა სრული ლეგიტიმაცია. 27-მა დელეგატმა დააფიქსირა თავისი პოზიცია და პაატა გურასპაულმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ვუსურვებ, რომ გაამართლოს მოლოდინი, რომელიც მის მიმართ ქართულ საკალათბურთო ოჯახს აქვს. შიო ხეცურიანის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია. ვისურვებ, რომ მომავალ არჩევნებზე მინიმუმ ორი, ან რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღოს მონაწილეობა, იყოს იდეების ჭიდილი, რაც საბოლოო ჯამში, ქართულ კალათბურთს წაადგება.”

კომენტარები

ბოლო ამბები