Thumbnail

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო შეხვედრაში შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ ბათუმში ძალიან მოტივირებული ჩამოვიდა, რადგან მუნდიალზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მატჩის წინ შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ბათუმში პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ მედიის შეკითხვებს უპასუხა.

იანე ანდერსონი (შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...საქართველოს ნაკრებზე: "პატივს ვცემთ საქართველოს ნაკრებს. მეტოქემ არამხოლოდ ჩვენთან, სხვა მატჩებშიც კარგად ითამაშა და ძლიერია. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრაში ბოლომდე დახარჯვა იქნება საჭირო, რადგან ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია".

...ალეკსანდერ ისაკის შესახებ: "ფეხბურთი გუნდური სპორტია და ისაკი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც კარგ ფორმაშია. ის ძალიან მაღალ დონეზე ატარებს მიმდინარე სეზონს და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს".

...ზლატან იბრაჰიმოვიჩის მნიშვნელობაზე: "რა თქმა უნდა, როდესაც ზლატანის დონის ფეხბურთელი ამბობს, რომ ნაკრებში თამაში სურს, ეს ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან გასახარი ამბავია. იბრაჰიმოვიჩი ჩვენთვის, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია".

ვიქტორ ლინდელოფი (შვედეთის ნაკრების მცველი)

"როგორც მთავარმა მწვრთნელმა უკვე თქვა, საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, სწრაფ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვართ და ბოლომდე დავიხარჯებით".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა და კოსოვოს ნაკრებს ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს შვედეთთან მატჩით დაასრულებს, წლის ბოლო შეხვედრაში კი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთს სპარინგში გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები