Thumbnail

საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ ბათუმში ძალიან მოტივირებული ჩამოვიდა, რადგან მუნდიალზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მატჩის წინ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ პრესკონფერენცია გამართეს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

...შემადგენლობაში ხშირ ცვლილებებსა და გუნდში განწყობაზე: „ივნისში, სექტემბერში და ოქტომბერშიც გამოვცადეთ ახალი ფეხბურთელები. თუ მათ არ ექნებათ სანაკრებო გამოცდილება, ვერ გავიგებთ, შეუძლიათ თუ არა ეროვნულ ნაკრებში თამაში. სექტემბერი ნამდვილად არ იყო კარგი, განსაკუთრებით კოსოვოსთან მატჩი, მაგრამ ბოლო გამარჯვებამ განწყობა გააუმჯობესა. შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ მარტის მატჩებთან შედარებით, მოთამაშეების განწყობა შეიცვალა, მაგრამ გუნდი ისევ შემართულია და კარგად ემზადება. აქვე მინდა შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, ასევე რამდენიმე მოთამაშე უკლუბოდ გახლდათ და შემადგენლობაში ცვლილებები ამითაც იყო გამოწვეული“.

...შვედეთთან პირველ მატჩზე: „ის თამაში ორივე გუნდისთვის საკმაოდ რთული იყო და ორივეს შეეძლო გოლის გატანა. კმაყოფილი ვიყავი ჩემი გუნდის თამაშით, თუმცა მას შემდეგ 7 თვე გავიდა. ჩემი ფეხბურთელები იმ მოტივაციით თუ ითამაშებენ, რაც მარტის მატჩებში ჰქონდათ, წარმატების მიღწევის შანსი უფრო მეტად გვექნება.“

'მოთამაშეების განწყობა არ შეცვლილა, გუნდი ისევ შემართულია და კარგად ემზადება'

...თბილისიდან ბათუმში მატარებლით მგზავრობაზე: „შემიძლია გითხრათ, რომ ამით ყველა კმაყოფილია. ზოგჯერ საჭიროა, უფრო დიდხანს იმგზავრო კონკრეტულ ადგილამდე, ამან მოგვცა საშუალება, უფრო მეტი კომუნიკაცია გვქონოდა და ფეხბურთელებისთვის ნამდვილად პოზიტიური იყო.“

...გიორგი მამარდაშვილის ნაკრებში არყოფნაზე: „როგორც იცით, სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ჩემი აზრით, ის ძალიან ნიჭიერია და მსგავსი ტალანტის ფეხბურთელებმა მუდმივად უნდა ითამაშონ. ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან ეთამაშა, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.“

...დაცვის ხაზზე: „როგორც გითხარით, მარტის მატჩიდან 7 თვე გავიდა და ბევრი რამ ახლა სხვანაირად იქნება. ის, რომ მცველები უფრო მაღალ შეფასებებს იღებენ, სხვა პოზიციების სისუსტეზე არ მიუთითებს. ვფიქრობ, რომ დაცვის ხაზი თუ არ იქნება მაღალ დონეზე, შედეგის მიღწევა ყოველთვის უფრო რთულია. ჩემი აზრით, ჩვენს მცველებს ისევ კარგი მიდგომა ექნება თამაშისთვის“.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი)

...სექტემბრის კრიზისულ პერიოდზე: „სექტემბერში ცუდად ვითამაშეთ და არ მგონია, რომ ეს მარტო განწყობის ბრალი იყო. ძალიან ცუდად ვითამაშეთ და ეს პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმა უნდა ავიღოთ. შესარჩევი ციკლის დასაწყისთან შედარებით, განსხვავებული შემადგენლობით ვიყავით. ნაკრებში განწყობა ყოველთვის მაღალია და წარუმატებლობას ამას ვერ დავაბრალებთ, რადგან ნაკრებში ფეხბურთელები ყოველთვის ბოლომდე დახარჯვას ვცდილობთ.“

...იბრაჰიმოვიჩზე, რომელსაც მეტოქე მცველებისთვის შეურაცხყოფის მიყენება ახასიათებს: „ზლატანი დიდი ფეხბურთელია. თამაშის დროს ასეთი რაღაცები ხდება, ყოველთვის არსებობს ფეხბურთელებს შორის ასეთი ქმედებები. მართალი გითხრათ, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ და განსაკუთრებულ გავლენას ჩვენზე არ ახდენს“.

...მაყურებლის ფაქტორზე: ამ შესარჩევ ციკლში ისე მოხდა, რომ მხოლოდ ესპანეთთან ვითამაშეთ ფანების თანდასწრებით. ამიტომ, ხვალ გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვიმედოვნებ, რომ ხვალიდან ბათუმში ქულების მოპოვებასაც დავიწყებთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა და კოსოვოს ნაკრებს ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს შვედეთთან მატჩით დაასრულებს, წლის ბოლო შეხვედრაში კი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთს სპარინგში გაეჯიბრება.

კომენტარები

ბოლო ამბები