Thumbnail

'ჩემი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა' - რატი ნანავა eFootball-ის მუნდიალზე მიდის

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • რატი ნანავა eFootball-ში (PES) მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
  • ქართველი გეიმერი პირველ შეხვედრას 16 ნოემბერს ჩაატარებს

IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ჰყავს - რატი ნანავა, რომელიც ელექტრონულ ფეხბურთში eFootball-ში (PES) ასპარეზობს. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული PES 21 გამოდგა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ თითქმის ყველა ტურნირში გამარჯვება იზეიმა.

ნანავას წარმატებული სვლა გაზაფხულზე დაიწყო - მაშინ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ონლაინ კვალიფიკაციაში საკუთარ ძმასთან ერთად ჩაერთო. პირველი წრის შემდეგ აუტსაიდერად მიჩნეული საქართველოს ნაკრები, ყველასთვის მოულოდნელად, ჯგუფის სათავეში მოექცა და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა UEFA-ს მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატს, რომელშიც კონტინენტის უძლიერესი მოთამაშეები გამოდიოდნენ. ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ძმებ ნანავებს ერთი ქულა დააკლდათ, მაგრამ მათი ასპარეზობა მაინც პოზიტიურად შეფასდა. რატიმ ეს გამოცდილება შემდეგი წარმატებებისთვის კარგად გამოიყენა.

მოგვიანებით, რატიმ ჯერ საქართველოს ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა, ხოლო შემდეგ IESF-ის მსოფლიოს ჩემპიონატის ონლაინ კვალიფიკაცია ძალიან დამაჯერებლად გაიარა. აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის გადამწყვეტ შეხვედრაში მან რუსი მეტოქე დაამარცხა. ნანავა ამით არ დაკმაყოფილდა და სინგაპურში გასამართ საერთაშორისო ტურნირის საგზურიც მოიპოვა. 

საქართველოს ჩემპიონი 14 ნოემბერს ისრაელში მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება, ხოლო პირველ შეხვედრას 16 ნოემბერს გამართავს. საქართველოს ფარგლებს გარეთ ეს მისთვის პირველი ტურნირი იქნება. როგორც პოპსპორტთან ინტერვიუში აღნიშნა, ასეთ დონეზე თამაში და საქართველოს სახელით ასპარეზობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ხოლო მიზანი კი - მსოფლიოს ჩემპიონობა.

რატი ნანავას მთავარი გულშემატკივარი დედაა, რომლის აქტიური ქომაგობა და მხარდაჭერა, წარმატების მიღწევაში ძალიან ეხმარება, ხოლო მისი ტრადიცული მეტოქეა თავისი ძმა - მათე, რომელიც საქართველოში ასევე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაა მიჩნეული.


შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს Konami-მ ახალი თამაში eFootball გამოუშვა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, კომპანია განახლებულ ვერსიას 2022 წლის გაზაფხულზე გამოუშვებს.

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

კომენტარები

ბოლო ამბები