Thumbnail
  • ინტერვიუ გორის დილას მთავარ მწვრთნელთან ანდრეი დემჩენკოსთან
  • უკრაინელი სპეციალისტი თავის საფეხბურთო ხედვასა და სათამაშო სქემაზე

1996 წლის 28 თებერვალს ამსტერდამის აიაქსმა ესპანურ სარაგოსას ევროპის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრა ანგარიშით 4:0 მოუგო და ამ ტიტულის მფლობელი ისტორიაში მეორედ გახდა. ედგარ დავიდსთან, დანი ბლინდთან, პატრიკ კლუივერტსა და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, პრიზის მფლობელი გორის დილას ახლანდელი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკოც გახდა. სხვათა შორის უკრაინელმა იმ შეხვედრაში 70-ე წუთზე კლუივერტი შეცვალა.

ამსტერდამულ კლუბში გატარებული სამწლიანი პერიოდის შემდეგ, დემჩენკო ჯერ მოსკოვის ცსკა-ში ხოლო შემდეგ კი ნაკლებად ცნობილ უკრაინულ გუნდებში თამაშობდა. ფეხბურთელის კარიერის დასრულებას მწვრთნელობა მოჰყვა. საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის დაწყებამდე ანდრეი დემჩენკო სათავეში გორის დილას ჩაუდგა.

ჩვენში უკრაინულ ფეხბურთზე არსებული კლიშეს მიუხედავად, რატომ აკეთებს ანდრეი დემჩენკო აქცენტს ბურთის ფლობაზე, რა ასწავლა მას იოჰან კრუიფის საფეხბურთო ფილოსოფიამ და რამდენად გამოადგა ვან გაალის ფორმაციის აიაქსში თამაში. პოპსპორტი ამ და სხვა შეკითხვებზე გორის დილას მთავარი მწვრთნელის პასუხებით დაინტერესდა.  

POPSPORT: გუნდს სეზონის დაწყებიდან ხელმძღვანელობთ. დილას აშკარა პროგრესი აქვს. რა გამოასწორეთ გორელთა თამაშში და რისი გაკეთება ჯერ ვერ მოასწარით?

ანდრეი დემჩენკო: როდესაც კლუბში მოვედი, ჩემი მიზანი ბრძოლისუნარიანი გუნდის გაკეთება იყო, რომელიც ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიას გაითავისებდა. დღეს დილა ბურთის კონტროლის ხარჯზე ჭკვიანური და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთის ჩვენებას ცდილობს. ჩემი საფეხბურთო ხედვა მოთამაშეების ტექნიკურ მომზადებას ემყარება. ყველგან, სადაც მუშაობას ვიწყებ, პირველ რიგში, ყურადღებას მოთამაშეების ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას ვუთმობ. დილაში იყვნენ ფეხბურთელები, რომელთა ტექნიკაც სათანადო დონეზე ვერ იყო და ამიტომ საწყის ეტაპზე მათთვის რთული დავალებების შესრულება პრობლემას წარმოადგენდა.

თუ ფეხბურთი ცხოვრების ნაწილი არაა, წარმატების მიღწევა შეუძლებელია

ჩემი მეორე ნაბიჯი გუნდის ტაქტიკური სქემის ჩამოყალიბებაა. უპირატესობას შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ, ამიტომ 4-3-3 სისტემა, რომლითაც დღეს დილა თამაშობს, ჩემთვის ყველაზე მისაღებია. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელ სათამაშო მონახაზზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს - ფეხბურთელებმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა იცოდნენ, როგორ უნდა იმოქმედონ მაშინ, როდესაც გუნდი თავს იცავს და მაშინაც, როდესაც გუნდი უტევს. იმისთვის, რომ ამას მიაღწიო, მოთამაშეებს ყველაზე მცირე ნიუანსებიც კი კარგად უნდა ჰქონდეთ აღქმული.

მესამე ნაბიჯი საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებაა. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელი როგორც ვარჯიშობს, ისე თამაშობს. თუ ის ვარჯიშებზე იხარჯება, მუდმივად ცდილობს თავი უკეთესად გამოავლინოს, მოედანზე ეს დადებით შედეგს აუცილებლად მოიტანს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოთამაშე პროფესიონალი იყოს თამაშის, ვარჯიშის და ფეხბურთისგან თავისუფალ დროსაც კი. თუ ფეხბურთი ცხოვრების ნაწილი არაა, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

ანდრეი დემჩენკო ამსტერდამის აიაქსში

POPSPORT: სპეციალისტები ხშირად ამბობენ, რომ ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურად კარგად არიან მომზადებულები, მაგრამ მათი მთავარი პრობლემა ფიზიკური კონდიციები და დისციპლინაა. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

დემჩენკო: გარკვეული მოთამაშეების ტექნიკური მომზადება დამაკმაყოფილებელი არც უკრაინაშია, არც ბელორუსში და თუ გნებავთ, არც ინგლისში. ქართველი ფეხბურთელები ნამდვილად ძალიან ნიჭიერები არიან, მაგრამ ჩემთვის უმცირესი დეტალებიც კი მნიშვნელოვანია - ის დეტალები, რომლებსაც ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში ყურადღება არ ექცევა და ეს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცის პრობლემაა. საქართველოში ბურთთან მუშაობა არ უჭირთ, მაგრამ არსებობს პრობლემური საბაზისო საკითხები, ისეთი როგორიც, მაგალითად, პასის კულტურა. პასი ფეხბურთის ენაა. ბურთის გადაცემით მოთამაშეთა შორის კონტაქტი მყარდება. ფეხბურთელებს ერთმანეთის თვალდახუჭული უნდა ესმოდეთ, ამის მიღწევა კი სათანადო ტექნიკური მომზადების გარეშე შეუძლებელია. 

საფეხბურთო აზროვნებას მოთამაშე ბავშვობიდან უნდა შეეჩვიოს, ამისთვის კი მას სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს 

რაც შეეხება ფიზიკურ მომზადებას, დილა მაშინ ჩავიბარე, როდესაც მოთამაშეები შვებულებაში იყვნენ. იმ პერიოდში შევისწავლე მათ მიერ ჩატარებული შეხვედრები და მივედი დასკვნამდე, რომ ფიზიკურად გუნდი საუცხოოდ იყო მომზადებული. შემიძლია განვაცხადო, რომ გასაუმჯობესებელ საკითხთა ჩამონათვალში ფიზიკური კონდიციები ყველაზე ნაკლებად ფიგურირებდა. დილას თამაშში პროგრესი იმითაა განპირობებული, რომ ახლა მოთამაშეები საკუთარ შესაძლებლობებს გაცილებით უკეთ წარმოაჩენენ. როდესაც გუნდში ასეთი სიტუაციაა, მუშაობა გაცილებით ადვილია.

POPSPORT: იოჰან კრუიფი ამბობდა: "ნუ დარბიხართ ბევრს. ფეხბურთი ტვინით უნდა ითამაშოთ". ჩვენს თანამედროვეობაში საფეხბურთო აზროვნება ისევ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა?

დემჩენკო: იოჰან კრუიფი უდიდესი სპეციალისტი იყო. მან არა მარტო გენიალური გუნდების: აიაქსისა და ბარსელონას სათამაშო სტილი შექმნა, არამედ იმდენი მოახერხა, რომ საფეხბურთო მიმდინარეობა ჩამოაყალიბა, რომლის წინააღმდეგაც მთელი მსოფლიო კონტრარგუმენტების მოძებნას ამაოდ ცდილობდა და ცდილობს. ამ მიმდინარეობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ საფეხბურთო აზროვნებაა, რასაც მოთამაშე ბავშვობიდან უნდა შეეჩვიოს, ამისთვის კი მას სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს. როდესაც ნორჩ ფეხბურთელს ბურთს აძლევ, ის იწყებს ფიქრს, მას ეძლევა არჩევანის თავისუფლება, ეძებს გამოსავალს და სწავლობს, როგორ მოიქცეს. ასე ყალიბდება უნარი, რომელსაც ჩვენ "ავტომატურ რეჟიმში მოქმედებას" ვუწოდებთ. ასეთი მიდგომით გაზრდილი ფეხბურთელისთვის მწვრთნელის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა ტაქტიკურ სქემასთან ადაპტირება პრობლემა აღარაა.

ის, რაც ვან გაალისგან ვისწავლე და დავიმახსოვრე, ახლა ძალიან მადგება

მწვრთნელმა შეიძლება აამაღლოს პროფესიონალი ფეხბურთელის ფიზიკური კონდიციები, მაგრამ საფეხბურთო ინტელექტს ვერ აუმაღლებს. აიაქსი და ბარსელონა მოთამაშეებს საფეხბურთო ინტელექტის მიხედვით არჩევენ. სწორედ ამიტომაა მათი თამაში სასიამოვნო საყურებელი. 

POPSPORT: თქვენ ლუის ვან გაალი გწვრთნიდათ. აიაქსში ევროპის სუპერთასი გაქვთ მოგებული. რა გაქვთ გადმოღებული ვან გაალისგან? 

ლუის ვან გაალი და ანდრეი დემჩენკო

დემჩენკო: აიაქსის ფილოსოფია 4-3-3 სისტემით თამაშია. როდესაც მწვრთნელი ამ კლუბში სამუშაოდ მიდის, იგი ვალდებულია გუნდი ამ სქემით ათამაშოს. მწვრთნელის საფეხბურთო ფილოსოფია, მისი სწრაფვა შემტევი ფეხბურთისკენ, არის მთავარი, რომლითაც ამ კლუბში სპეციალისტის შერჩევისას ხელმძღვანელობენ. არავის აქვს უფლება მივიდეს აიაქსში და გუნდი, მაგალითად, მადრიდის ატლეტიკოს მსგავსად ათამაშოს.

ამით იმას კი არ ვამბობ, რომ სიმეონე ცუდი მწვრთნელია, უბრალოდ, ჩოლოს სხვა ხედვა აქვს, რომელიც ამსტერდამულ კლუბს არ შეესაბამება. 

ის, რაც ვან გაალისგან ვისწავლე და დავიმახსოვრე, ახლა ძალიან გამომადგა. იმ პერიოდში ძალიან მარტივად მიხსნიდნენ, ჩემგან რას ელოდნენ და დღეს ასევე მარტივად ვცდილობ, ავუხსნა ჩემს ფეხბურთელებს იგივე. 

POPSPORT: შეგიძლიათ თქვათ, რომ "თქვენი გუნდი" იპოვნეთ?

დემჩენკო: ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ დილა ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. აქამდე თუ უმაღლესი ლიგის კლუბებში ვმუშაობდი, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა მეკავა. დღეს მე სათავეში ვუდგავარ გუნდს, რომელიც საკმაოდ ნორმალური დონის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. ასე რომ, ამ პერიოდს მხოლოდ დადებით მოვლენად ვაფასებ.

POPSPORT: დილასთვის კონფერენსლიგა მაქსიმუმია?

დემჩენკო: რა თქმა უნდა, არა! ჩვენ ამ ტურნირზე უკვე ვითამაშეთ. გარკვეული წარმატების მიღწევაში ხელი გამოუცდელობამ შეგვიშალა. ვფიქრობ, რომ როდესაც ჩემი მოთამაშეები უფრო გამოცდილები იქნებიან, ისინი თავს ღირსეულად ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებშიც წარმოაჩენენ. 

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გორის დილა გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და უახლოეს კონკურენტ დინამო თბილისს ოთხი ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები