Thumbnail

'ეს საოცარი ამბავია' - IJF ქართველი ძიუდოისტების ისტორიულ ოქროს მედალზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (IJF) ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ტრიუმფალურ ასპარეზობას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ლევან ჟორჟოლიანის შეგირდებმა გუნდური შეჯიბრის მოგება მოახერხეს და ეს ისტორიული ამბავია, რადგანაც შერეულ სანაკრებო დონეზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი გახლავთ.

“საქართველოს 23-წლამდელთა გუნდის თავკაცის რანგში ეს ჩემი პირველი ტურნირი იყო და შინ ოქროს მედლებით ვბრუნდებით. ეს საოცარი ამბავია. ყველა ძიუდოისტმა მაქსიმუმი გაიღო, საოცარი გუნდური სული გამოვავლინეთ და წარმატებამდე სწორედ ამან მიგვიყვანა”, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საფრანგეთს 4:2 სძლიეს, მასპინძელთა ნაკრებს 4:3 მოუგს, ფინალში კი რუსეთი 4:2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტები 1:2 ჩამორჩნენ, თუმცა, მომდევნო 3 ორთაბრძოლაში იმარჯვეს და ფინალი სათავისოდ დაასრულეს.

ტატამი გამარჯვებულმა დატოვა საქართველოს ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანმა სოფიო სომხიშვილმაც (+70 კგ.), რომელმაც ინდივიდუალურ შეჯიბრში ფინალი წააგო, ამჯერად კი, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

“გადამწყვეტ რაუნდამდე გუშინაც მივედი, თუმცა წავაგე. ამდენად, ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვიყავი და ჩემი გუნდისა და ქვეყნისთვის მაქსიმუმი გავიღე”, - განაცხადა სომხიშვილმა.

სოფიო სომხიშვილმა ფინალში გამარჯვება იზეიმა

კომენტარი გააკეთა საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა მოცრაძემაც:

“საქართველოს ნაკრებისა და კონკრეტულად სოფიოს წარმატებამ ძალიან გამახარა. ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ამჯერადაც ასე იყო. მას ბავშვობიდან ვიცნობ. ეს შერეული გუნდების ტურნირებზე საქართველოს ნაკრების პირველი ოქროს მედალია და ამით, ძალიან ვამაყობ”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა ინდივიდუალურ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 8 მედალი (2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები