Thumbnail
  • 📅 14 ნოემბერი | ⌚ 17:00 | 🏉 საფრანგეთი V საქართველო | 📺 რაგბი TV
  • საქართველოს ეროვნულ გუნდს მონპელიეს 9 ნომერი ვეღარ დაეხმარება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთში ჩაფრინდა, სადაც მიმდინარე კვირის ბოლოს მასპინძლებთან ტესტ-მატჩი ელის.

თბილისიდან საფრანგეთისკენ გეზი საქართველოში მოთამაშე მორაგბეებმა აიღეს, გუნდის ძირითადი ბირთვი კი მათ ადგილზევე შეუერთდება, რადგანაც ფრანგული ლიგებიდან ნაკრებში ერთბაშად 17 მოთამაშეა გამოძახებული.

სამწუხაროდ, ნოემბრის ტესტებში “ბორჯღალოსანთა” მაისურით ვერ ვიხილავთ გელა აფრასიძეს, რომელსაც საფრანგეთში გამგზავრებამდე ვარჯიშზე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. ფრანგული მონპელიეს 23 წლის 9 ნომერმა ტრავმა სექტემბერში, TOP 14-ში, ტულუზთან მატჩში დაიზიანა და დაახლოებით თვენახევარი გაუცდა, ახლა კი, ტკივილმა ისევ თავი შეახსენა.

“ძალიან სამწუხარო დანაკლისია. როგორც სჩანს, მისი მხრის ტრავმის რეაბილიტაცია დასრულებული არ იყო და ვარჯიშზე აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში, მოედანზე დაცემისას, საფრანგეთში მიღებული ძველი ტრავმა გაუმიზეზდა. გელა ძალიან კარგ ფორმაში იყო და ეს ჩვენთვის შეუფასებელი დანაკლისია. რა დრო დაჭირდება მის გამოჯანმრთელებას დეტალური გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა მინიმუმ სამი კვირა დასვენება მოუწევს და შესაბამისად, ნოემბერში ვერ დაგვეხმარება. მაგრამ რაგბი და ზოგადად სპორტი ტრავმების გარეშე არ არსებობს და ვერაფერს ვიზამთ. არსებულ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

ბიჭები საფრანგეთში ჩაფრინდნენ ✈️ ვინც ბორდოში და მადრიდში #ბოჯღალოსნების საქომაგოდ ირაზმებით, არ დაგავიწყდეთ ბილეთების...

Posted by Georgian Rugby on Sunday, November 7, 2021


აფრასიძის ნაცვლად გაფართოებულ შემადგენლობას შავი ლომის წევრი თენგიზ პერანიძე დაემატა, რომლის შესახებაც მაისაშვილმა ასევე ისაუბრა: “პერანიძეზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ შავი ლომი ჩვენს სათამაშო სისტემასთან ყველაზე ახლოსაა. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ დღესდღეობით ის სხვა კანდიდატებზე უკეთეს ფორმაშია“.

ბორჯღალოსნები საფრანგეთთან მატჩისთვის ბორდოში ემზადებიან და მრისხანე მეტოქეს სწორედ ამ ქალაქში, კერძოდ კი, Matmut Atlantique-ზე 14 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ამის მერე კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს: 20 ნოემბერს, ესპანურ არანხუესში, ფიჯის ეროვნულ გუნდთან. ცნობისთვის, გასულ უქმეებზე ფრანგებმა არგენტინას 29:20 სძლიეს, ფიჯიმ კი ესპანეთი დაამარცხა – 43:13.

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებისთვის

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 6 კეპი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 23 კეპი, 10 ქულა), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 83 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 17 კეპი, 5 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 23 კეპი, 10 ქულა), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 29 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 1 კეპი).

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონა, 68 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 32 კეპი), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 11 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 5 კეპი, 5 ქულა).

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 21 კეპი, 15 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 10 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 30 ქულა), ბექაგორგაძე (პო, 31 კეპი, 35 ქულა).

9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 59 კეპი, 50 ქულა), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), მიხეილ ალანია (ორიაკ, 5 კეპი).

10: თედო აბჟანდაძე (ბრივი, 26 კეპი, 164 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 78 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 35 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 10 კეპი, 5 ქულა), სანდრო სვანიძე (შავი ლომი, 1 კეპი);

11-14: სანდრო თოდუა (შავი ლომი, 93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 55 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა);

15: დავით ნინიაშვილი (ლიონი, 7 კეპი, 20 ქულა), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 87 კეპი, 53 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები