Thumbnail
  • თემურ ბერუაშვილმა (74 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი 1 მედლით დაასრულა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი თემურ ბერუაშვილმა 74 კგ წონით კატეგორიაში მოუტანა.

ბერუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მერვედფინალიდან დაიწყო და იტალიელი იაკოპო მაზოტი იოლად, 11:0 დაამარცხა. მას პრობლემები არც 1/4-ფინალში შექმნია, როცა თურქ ისა დემირს 13:5 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ იქ რუს ჩერმენ ვალიევთან 0:6 დამარცხდა. ამრიგად, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწია და მოლდოველ ვასილიე დიაცონს აჯობა. ქართველმა ფალავანმა პირველი პერიოდი 1:0 მოიგო, მერე 1:3 მარცხდებოდა, მაგრამ ბრძოლის დასრულებამდე 17 წამით ადრე ორქულიანი გდება შეასრულა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 1 მედლით დაასრულა. შეჯიბრებაში 10 ქართველი ასპარეზობდა - უმედლოდ რამაზ თურმანიძე, თეიმურაზ ვანიშვილი, ივერიკო ჯულაყიძე, გიორგი ელბაქიძე, გოგა მამიაური, დემურ მეგენეიშვილი, ლუკა ხუჭუა, ზურიკო ურთაშვილი და სოლომონ მანაშვილი დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატი მანამდე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართა და საქართველომ 3 მედალი მოიპოვა (2 ოქრო, 1 ბრინჯაო).

კომენტარები

ბოლო ამბები