Thumbnail

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის მოახლოებული მატჩების წინ დაცვაში პრობლემები აქვს.

"სკუადრა აძურას" მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური ჯერ არ მოუპოვებია და გადამწყვეტი მატჩები შვეიცარიასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ელოდება, მაგრამ შესაძლოა, გუნდის ლიდერების, ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის გარეშე დარჩეს.

ორივე მოთამაშეს მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ არა იმდენად უმნიშვნელო, რომ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში ითამაშონ. 'ტუტოსპორტის' ინფორმაციით, ჯორჯოც და ლეონარდოც 8 ნოემბერს, ფლორენციაში კოვერჩანოს ბაზაზე გამოცხადდებიან, სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და შემდეგ დიდი ალბათობით, ისევ ტურინში დაბრუნდებიან.

ბონუჩიმ და კიელინიმ სერია A-ს ბოლო ტურში ფიორენტინასთან ვერ ითამაშეს. თავიდან ცნობილი გახდა, რომ ლეო ვერ ითამაშებდა და ის ჯორჯოს უნდა შეეცვალა, რომელიც ძირითად შემადგენლობაშიც იყო, მაგრამ მატჩისწინა გახურებისას კუნთის დისკომფორტი იგრძნო და მოედანზე მის ნაცვლად დანიელე რუგანი გავიდა. ამგვარად, მათი სიტუაცია უნდა შეფასდეს, მაგრამ მოლოდინი ოპტიმისტური არ არის და მანჩინის მათ შეცვლაზე ფიქრი მოუწევს.

იტალიის ნაკრები ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს შვეიცარიის ნაკრებთან ერთად, 14 ქულით იყოფს, მაგრამ ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს და ლიდერია. ეს გუნდები 12 ნოემბერს რომში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან და პირველი ადგილის ბედიც ამ მატჩში უნდა გადაწყდეს, ხოლო შესარჩევ ეტაპს იტალია 15 ნოემბერს, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრით დაასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები