Thumbnail

ბაქოს გრანდ სლემი | მაისურაძის, ღვინიაშვილისა და სანებლიძის ბრინჯაოს მედლები

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლუკა მაისურაძემ, ბექა ღვინიაშვილმა და ონისე სანებლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
  • საქართველომ ბაქოში ასპარეზობა 4 მედლით დაასრულა: 1 ოქრო, 3 ბრინჯაო

ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარმატებული გამოდგა. ტატამიზე 4 ქართველი ძიუდოისტი გავიდა და სამმა მათგანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ლუკა მაისურაძემ, ბექა ღვინიაშვილმა და ონისე სანებლიძემ.

ლუკა მაისურაძე (90 კგ.) ნახევარფინალამდე მივიდა, მანამდე კი ტაჯიკ ჯახონგირ მაჯიდოვთან და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალობივთან მოიგო, მაგრამ ნახევარფინალში კიდევ ერთ მასპინძელ ძიუდოისტს, მამადალი მეჰდიევს შეხვდა და დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ლუკამ ყირგიზ ერლან შეროვთან დამატებით დროში, ვაზარი მიითვალა და მედალს დაეუფლა.


ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) ანალოგიური გზა გაიარა. მან რუსი ალიხან ჩეჩოევი და აზერბაიჯანელი რუფატ ისმაილოვი დაამარცხა, თუმცა, ნახევარფინალში იაპონელ კოსუკე მაშიამასთან ვერაფერი გააწყო. ბრინჯაოს მედლისთვის მისი მეტოქე კიდევ ერთი იაპონელი გოკი ტაჯიმა იყო, რომელსაც ვაზარით უგებდა, მაგრამ მეტოქე სამჯერ გააფრთხილეს და ბექამ ბრინაჯოს მედალი მოიპოვა.


ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა ტატამიზე 100 კგ წონით კატეგორიაშიც. ონისე სანებლიძემ აზერბაიჯანელი ქანან აბდულხანლი დაამარცხა და მეორე წრეში ქართველ მიხეილ ჯაფარიძესაც აჯობა, ნახევარფინალში კი რუს ნიაზ ბილალოვთან წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლა მოუწია. ონისემ აზერბაიჯანელ ადილ კარიმლისთან მარტივად, იპონით მოიგო და საქართველოს მე-4 მედალი მოუტანა. თავის მხრივ, ჯაფარიძემ ჯერ ბრაზილიელ ვილიამ ჟუნიორს მოუგო, სანებლიძესთან მარცხის მერე კი რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც იაპონელ კენტარო იდასთან მარცხი განიცადა და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა.


ამგვარად, ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოს გრანდ სლემზე 4 მედალი მოიპოვეს. დღევანდელ ბრინჯაოს მედლებამდე, შეჯიბრის პირველ დღეს ოქროს მედალს ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) დაეუფლა.

კომენტარები

ბოლო ამბები