Thumbnail

‘შენს მანქანასთან უნდა გაერთიანდე’ - ამ ფრაზით იწყება ‘ნეტფლიქსის’ დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიხაელ შუმახერს ეძღვნება. ძალიან შთამბეჭდავი მომენტია. წითელი ფერარი მისრიალებს და კადრები მძღოლის კაბინიდანაა გადაღებული. თითქოს მასთან ერთად ხედავ და გრძნობ, რა განცდაა, როცა ზეადამიანური სიჩქარით მოძრაობ.

ფილმის მთავარი ღირსება ის არის, რომ მასში მრბოლელზე მეტად ადამიანი ჩანს. შეუძლებელია, ამას გულგრილად უყურო - მით უმეტეს მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ალპებში მოხდა. სწორედ ხასიათი და ადამიანური ფაქტორია, რის გამოც შუმახერი ლეგენდა გახდა.

გერმანელი

გერმანია ყველაზე ცუდი ადგილია იმისთვის, რომ სუპერვარსკვლავი გახდე. იქ წლები მიცხოვრია და შიგნიდან ნანახს ვამბობ. ამას თავისი ისტორიულ-კულტურული მიზეზები და საფუძვლები აქვს. თანამედროვე გერმანული სახელმწიფო პროტესტანტული უბრალოების და სისადავის საფუძველზე დგას. ზედმეტი ინდივიდუალიზმი და გამორჩეულობა ქედმაღლობასთან ასოცირდება და ცუდი საზოგადოებრივი ტონია. გამორჩეულობაზე მეტად ეს ქვეყანა კოლექტივიზმს, უბრალოებას, თანასწორობას და თავმდაბლობას აფასებს. მაშინაც კი, როცა შენ საქმეში ვარსკვლავი ხარ, ცხოვრების წესით, მენტალობით და იმიჯით გერმანული სისადავის სტანდარტში უნდა ჩაჯდე. არადა, შუმახერი ძალიან ინდივიდუალური სპორტის სუპერვარსკლავია.

7-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, 91 მოგებული რბოლა, 155 პოდიუმი.

როცა უყურებ, თუ როგორ საუბრობს მისი ცოლი კორინა მიხაელის თითქოს გაორებაზე - ითამაშოს ის როლი სახლის გარეთ, რომელსაც მისი სუპერვარსკვლავური და გუნდის ლიდერის სტატუსი ავალდებულებს, ხვდები, რომ მისთვის ეს მართლაც რთული უნდა ყოფილიყო. მისი მეგობრები და ოჯახის წევრები ‘შუმის’ ხასიათზე საუბრისას ადამიანებთან ურთიერთობისას ტიპურ გერმანულ სიფრთხილეს და თავშეკავებულობას უსვამენ ხაზს. ყველაზე ბედნიერი ის ოჯახთან ერთადაა, უყვარს ბუნებაში ყოფნა, არ უყვარს ჟურნალისტები, ბევრი ხმაური და უცხო ადამიანები. ამის მიუხედავად, მისი სტატუსი წლების მანძილზე აიძულებს, აკეთოს ის, რაც მისთვის არცთუ ისე სასიამოვნო და საყვარელია.

‘მას ჩვეულებრივად ცხოვრება უნდოდა და ვერაფრით გებულობდა, რატომ არ გამოსდიოდა. მასზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო. არადა, ის თავშეკავებული და მორიდებული ადამიანია.’ - ჟან ტოდტი.

ამ დროს ყურადღებას ერთი დეტალი იქცევს - ყველა იმ კადრში, რომელიც შუმახერზე არსებობს, ის სუპერვარსკვლავურად მომღიმარი, თავდაჯერებული და კომუნიკაბელურია. მის გარშემო ყველას ენერგიას და ენთუზიაზმს გადასცემს. ის სიფრთხილე და თავშეკავებულობა, რომელზეც ოჯახის წევრები საუბრობენ, არსად ჩანს. პირიქით, ‘შუმი’ იდეალური ლიდერია.

‘მიხაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდში არავის სცოდნოდა, მას როგორ უჭირს, რა პრობლემა აქვს, რა აწუხებს’ - ეს შუმის მენეჯერის, საბინე კემის სიტყვებია.

ზემოთ, ფორმულას ინდივიდუალური სპორტი ვუწოდე და ალბათ შეცდომაც დავუშვი. მრბოლელი ტრასაზე მარტოა, თუმცა ის იმ ბოლიდს მართავს, რომელიც დიდი გუნდის შემოქმედების ნაყოფია.

‘შუმი’ ფენომენალური ნიჭის პატრონი იყო. მამამისი ‘კარტინგის’ ტრასაზე მუშაობდა და მიხაელიც ფაქტობრივად იქ გაიზარდა. მისთვის ბოლიდს ცხოვრებაში ისეთივე ადგილი ეჭირა, როგორც ფეხბურთის ბურთს ბრაზილიელი ბავშვისთვის, ან კალათბურთს ჰარლემელი აფროამერიკელისთვის. ის მასთან ერთად გაიზარდა. ბავშვობიდანვე თავისი ხელით აწყობდა სხვადასხვა ზომის და ტიპის სარბოლო მანქანებს. ხშირად ამას უკვე გამოუსადეგარი ნაწილებისგანაც აკეთებდა. გერმანული სტანდარტით არცთუ შეძლებულ შუმახერების ოჯახს სხვანაირად არც ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მიხაელი ძალიან ძვირ და ელიტურ სპორტში წასულიყო. აქ მან გზა თავისი ექსტრაორდინალური ტალანტით გაიკვლია. ადგილობრივი ბიზნესმენები და რბოლის მოყვარულები ბავშვობიდანვე ასპონსორებდნენ, რადგან ცხადი იყო, რომ ამ ბიჭს ფენომენალური მონაცემები ჰქონდა - თითქოს კი არ მართავდა, დაფრინავდა. მანქანა მისი სხეულის ნაწილივით იყო.

ამის მიუხედავად, მისი ყველაზე ჩემპიონური თვისება ის იყო, თუ როგორ შეეძლო თავის გუნდზე ზემოქმედება მოეხდინა, როგორ გადასცემდა ენერგიას და ენთუზიაზმს ინჟინრებიდან და მექანიკოსებიდან დაწყებული, უბრალო დამლაგებლამდე, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო გულმოდგინედ ემუშავათ საერთო გამარჯვებისთვის.

‘იმ წლებში საღამოს რესტორანშიც კი არ ვყოფილვართ. გვიანობამდე მექანიკოსების კარავში ვიჯექით და მიხაელი იქ მათთან ერთად მუშაობდა.’ - კორინა შუმახერი

მულტიმილიონიან სპორტში, სადაც ყველაზე დიდი მანქანათმშენებელი კომპანიები თავის საუკეთესო რესურსებს დებენ, იდეალური ბოლიდის შესაქმენლად, ერთ წამს კი არა, წამის მეათედებსაც მნიშვნელობა აქვს. ეს მეათედები ბოლიდზე ღამის თენებით შრომით უნდა მოიგო - მანქანა სხვებზე სწრაფი გახადო. თითოეულ ტექნიკურ დეტალს მნიშვნელობა აქვს. შუმახერის ყველაზე ჩემპიონურ თვისებადაც ეს ჩანს - იყოს დიდი გუნდის იდეალური ლიდერი - ღიმილით და სიტყვით მისცეს გუნდს ძალა, შექმნას იდეალური მანქანა. თავად მუდამ იქ არის და მათთან ერთად მუშაობს. ყველას აგრძნობინებს, რომ ისინი ერთი გუნდი არიან.

‘ის ჩვენ მუდამ გვამხნევებდა. ყველა რბოლის შემდეგ გუნდის ყველა წევრს ცალ-ცალკე ხელს ართმევდა და მათი შრომისთვის მადლობას უხდიდა. ეს მას არასოდეს დავიწყებია.’ - რობ სმედლი, ფერარის ყოფილი ინჟინერი.

'შუმი' მთელს საჯინიბოში დიდი სიყვარულით სარგებლობდა

‘მახსოვს, 1999 წელს ის სილვერსტოუნზე დიდ ავარიაში მოყვა და ფეხი მოიტეხა. პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ მუხრუჭის შემაერთებელი სათანადოდ დავამაგრეთ და წნევა დაეცა. ჩვენი ბრალი იყო. მიხაელს ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ის გუნდს სახალხოდ არასოდეს აკრიტიკებდა. სწორედ ამის გამო, მექანიკოსები ყოველთვის მის მხარეზე იყვნენ,’ - სტეფანო დომენიკალი, ფერარის მენეჯერი.

გულის სიღრმეში ამ გერმანულად ფრთხილი და თავშეკავებული ინტროვერტისთვის წლების მანძილზე ამ როლის ასე ჩემპიონურად მორგება იოლი არ უნდა ყოფილიყო. პირიქით.

წითელი ბარონი

ფერარის წითელი ბოლიდი პირველად რომ ვნახე, მილანში ‘ფერარის’ მაღაზიაში, ალბათ ერთი 20 წუთი გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი. არადა, ზოგადად ავტომანქანების მიმართ არანაირი სენტიმენტები არ მაქვს, მოდელებსაც რთულად ვარჩევ ერთმანეთისგან - ჩემთვის მხოლოდ ტრანსპორტირების საშუალებაა.

უბრალოდ, ფერარის წითელი ბოლიდი მანქანა არ არის, ქმნილებაა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი რამ არის, რაც ადამიანს შეუქმნია. უყურებ და სუნთქვა გეკვრება. რაღაცნაირად სრულყოფილი და სექსუალურია. სწორედ ამიტომ, რამდენჯერად არ უნდა მოიგოს ლუის ჰემილტონმა ჩემპიონობა, ახლოს ვერ მივა იმ ისტორიულ მოვლენასთან, რასაც შუმახერის მიერ 20 წელზე მეტი პაუზის შემდეგ ‘ფერარისთვის’ ჩემპიონობის დაბრუნება ჰქვია. ეს ფორმულა 1-ის სამყაროსთვის ეპოქალური მნიშვნელობის ამბავი იყო. ‘ფერარი’ იტალიის ნაციონალური სიამაყეა - თითქოს რელიგიის დონეზეა და ‘ფერარი’ შუმახერმა ზედიზედ ხუთჯერ გააჩემპიონა.

‘როცა ფერარის მართავ, შენ არ ზიხარ ჩვეულებრივ მანქანაზე, შენ ლეგენდას მართავ’ - ლუკა დი მონტეძემოლო, ფერარის პრეზიდენტი.

‘შუმის’ ისტორია არცთუ ისე ძლიერი ‘ბენეტონით’ ჩემპიონობით იწყება, მაგრამ მის ლეგენდას ‘ფერარი’ ქმნის. ვერსაც, ვერც მაკლარენში, უილიამსში ან სადმე სხვაგან, შუმახერის ლეგენდა ისე დიდი და დიადი ვერ იქნებოდა, როგორც ფერარიში.

შუმახერის ლეგენდარული ბოლიდი

მთელი მისი სახელგანთქმულობისა თუ პოპულარობის მიუხედავად, ფერარი, რომელშიც შუმახერი გადავიდა, უმაღლეს დონეზე კონკურენტული საერთოდ არ იყო. საჩემპიონო დონეზე ის სწორედ ‘წითელმა ბარონმა’ აიყვანა.

‘ფერარი ახლა ისეთ კონდიციაშია, რომ მის გარდაქმნას თვეები სჭირდება, მე მეოცნებე კი არა რეალისტი ვარ და რეალობა ეს არის’ - მიხაელ შუმახერი.

ის გუნდის, მთელი საჯინიბოს ლიდერად იქცა და წლების და თვეების მანძილზე თავდაუზოგავი შრომით პრობლემური ბოლიდი საჩემპიონო რაკეტად აქცია. რომ არა მისი ეს ლიდერობის და წინგაძღოლის უნარი, ‘ფერარის’ ჩემპიონობა უბრალოდ არ გამოვიდოდა. მხოლოდ ‘შუმის’ ფენომენალური ნიჭი პრობლემურ ბოლიდს მწვერვალზე ვერ აიყვანდა.

წასვლა

დიდმა ხალხმა წასვლაც თავისებური იცის. დიეგო ისე წავიდა, როგორც დიდი ხელოვანები მიდიან ხოლმე - თითქოს თავი მოიკლა, ყველამ ვიცოდით, რომ ის აქეთ მიდიოდა. კობის წასვლა შოკი იყო, თან სიმბოლური და თან ტრაგიკული. სიმბოლური იმიტომ, რომ მისი წასვლაც ისეთი გამოვიდა, რასაც ‘მამბა’ მთელი ცხოვრება აკეთებდა - მის ლეგენდას კიდევ უფრო მეტი სახელი და უკვდავება მისცა.

აი, შუმახერის ამბავი კი არაფერში ჯდება. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება სიკვდილს ეთამაშებოდა, კაცი, რომელიც თითქოს დაფრინავდა, სათხილამურო კურორტზე ეცემა და ქვას არტყამს თავს. ამ ამბავში რაღაც ძალიან ალოგიკური და უსამართლოა, თითქოს ვერც იჯერებ.

‘ის თან აქ არის და თან არ არის’ - ასე შეაფასა მისი მდგომარეობა კორინამ. თავის ტვინის ტრავმის შემდეგ ბევრი სასიცოცლო ფუნქვია ქვეითდება - შეიძლება დაკარგო მახსოვრობა, დაგავიწყდეს ლაპარაკი, წერა, კითხვა. შეიძლება ფეხზეც ვეღარ ადგე. ზუსტად როგორ არის შუმახერი, არავინ იცის. ოჯახი მას გარე სამყაროს არ ანახებს. მგონია, რომ სწორადაც იქცევიან. ნამდვილად არ მინდა, განახევრებული კაცი დავინახო. ის ისეთად უნდა დარჩეს, როგორიც გვახსოვს - ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე, ფრენის თუ სისწრაფის მიჯნაზე, ჩემპიონურად მომღიმარი.

კომენტარები

ბოლო ამბები