Thumbnail
  • ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი გოგა მამიაურსა და ზურიკო ურთაშვილს აქვთ
  • შაბათს ბელგრადულ ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების კიდევ 5 წევრი გავა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს დაწყებულ 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაებნენ, თუმცა, წარმატებული სტარტი ნამდვილად არ ჰქონიათ: 5 ფალავნიდან 3 შეჯიბრს უკვე გამოეთიშა, ორს კი მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი შერჩა.

კვარცხლბეკზე ასასვლელად გოგა მამიაური (79 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (97 კგ.) იბრძოლებენ. მამიაურმა ყაზახი ბიბარის ნურილაული 7:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მომავალ ფინალისტ რამაზან სარისთან (თურქეთი) 0:6 წააგო. გოგა რეპეშაჟში ამერიკელ ჯეიკობ მარშს გაეჯიბრება და თუკი იმარჯვა, ბრინჯაოსთვის სომეხ არმან ავაგიანს დაუპირისპირდება.

ურთაშვილმა გზიდან ბულგარელი ცვეტან ევტიმოვი ჩამოიცილა (11:1), რასაც ირანელ ამირალი აზარპირასთან მარცხი (3:5) მოჰყვა. ვინაიდან ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, ქართველი მოჭიდავე სანუგეშო რაუნდში აღმოჩნდა და ბელარუს ვასილ პაულიუჩენკასთან შეხვედრა ელის. წარმატების შემთხვევაში, ურთაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ამერიკელ ჯონათან აიელოს გაეჯიბრება.

დღესვე ხალიჩაზე რამაზ თურმანიძე (57 კგ.), ივერიკო ჯულაყიძე (65 კგ.) და გიორგი ელბაქიძე (70 კგ.) გავიდნენ, თუმცა, ისინი მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე გამოეთიშნენ. აღნიშნული სამეულიდან ყველაზე დასანანი ჯულაყიძის შემთხვევაა, რომელიც მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქეს 2:0-ს ამარცხებდა, ტრავმა რომ მიიღო და ორთაბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალოსნები ხვალ გამოვლინდებიან და შაბათსვე ტურნირში საქართველოს ნაკრების დარჩენილი 5 წევრი ჩაებმება: თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ.), თემურ ბერუაშვილი (74 კგ.), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ.), ლუკა ხუჭუა (92 კგ.) და სოლომონ მანაშვილი (130 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები