Thumbnail

პაპინაშვილი გრანდ სლემის ფინალშია და გადამწყვეტი შეხვედრა რუსთან ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჯაბა პაპინაშვილმა დილის სესიაში 3 ორთაბრძოლა მოიგო
  • ტურნირს უკვე გამოეთიშნენ ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი

23 წლის ქართველი ძიუდოისტი ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემის ფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

პაპინაშვილმა საწყის რაუნდში უკრაინელ კირილ სამოტუგს მოუგო იპონით, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევს მტკივნეული ილეთით აჯობა, ნახევარფინალში კი მონღოლ სუმიაბაზარ ენხტაივანთან ვაზარი მიითვალა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

ფინალში პაპინაშვილის მეტოქე რუსი ალბერტ ოგუზოვი იქნება, რომელმაც გზიდან აზერბაიჯანელი როვშან ალიევი და იაპონელი ჰაიატო კონდო ჩამოიცილა.


66 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს 2 წარმომადგენელი ჰყავდა და ორივე მათგანმა ასპარეზობა უკვე დაასრულა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის ჩემპიონი და ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი პირველივე ორთაბრძოლაში მტკვინეული ილეთით დამარცხდა იაპონელ იუჯი აიდასთან.

რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს, მან აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვს აჯობა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორ დენის ვიერუსთან (მოლდოვა) კი “გოლდენ სქორში” წააგო. ამგვარად, ბაგრატი რეპეშაჟში გადავიდა, სადაც ასევე დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა რუს იაკუბ შამილოვთან.

ბაქოში ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრნსლაციას კი სილქ უნივერსალი გეგმავს.

კომენტარები

ბოლო ამბები