Thumbnail

'ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება, ეს ევროპაა' - ქეცბაია იმედგაცრუებულია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა კონფერენსლიგაზე ზედიზედ მეორედ ვერ შეძლო ფლორას დამარცხება მას მერე, რაც 2:0-ს იგებდა. ამჯერად, ესტონეთში ტაიმი ქეცბაიას გუნდმა ორბურთიანი სხვაობით მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში ფლორამ თამაში შეატრიალა და გამარჯვებაც შეეძლო - 2:2. 

ნიკა კაჭარავას თამაში კვიპროსულმა მედიამ გუნდის ერთადერთ პოზიტივად შერაცხა

ამ შეხვედრაში ნიკა კაჭარავამ საგოლე პასი მიითვალა (როგორც ფლორასთან პირველ დაპირისპირებაში). kerkida.net-მა საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდის თამაში ანორთოსისის ლამის ერთადერთ პოზიტივად ჩათვალა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა.

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "როცა ხელიდან ასეთ შესაძლებლობას უშვებ, ყველაფერი რთულდება. ეს ევროპაა, აქ ასე არ შეიძლება. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ორჯერ 2:0-ს ვიგებდით პირველ ტაიმში და ორჯერვე ვერ შევძელით გამარჯვების ბოლომდე მიყვანა. ეს არის ინდივიდუალური შეცდომების ბრალი, რომლებიც ძალიან ძვირი გვიჯდება. ბოლოს შეიძლება, წაგვეგო კიდეც. 

ეს შედეგი გუნდის დაცვითი თამაშის ბრალი არ არის, უნდა გაგვეტანა, როცა ამის შესაძლებლობები უხვად იყო. ასე რომ, მხოლოდ მცველებს ნურაფერს დავაბრალებთ. პირველი თამაშიდან ბევრი რამ შევცვალეთ, ვიშრომეთ, მაგრამ შეცდომები დარჩა. ახლა უფრო დასანანი შედეგი იყო, ვიდრე შინ 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. შეცდომები უნდა შევამციროთ, ეს შესაძლებელია".

4 ტურის შემდეგ თემურ ქეცბაიას გუნდს მხოლოდ ორი ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო, მე-4 ადგილზეა.  

კომენტარები

ბოლო ამბები