Thumbnail
  • ლაიპციგის მწვრთნელი ჯესი მარში შვედ არბიტრზე ძალიან გაბრაზდა
  • გერმანულმა გუნდმა პლეი ოფში გასვლის შანსი უკვე დაკარგა

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ლაიპციგმა პარი სენ-ჟერმენთან ვერ მოიგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. გერმანულ გუნდს ფრანგების წინააღმდეგ ორი პენალტი დაუნიშნეს, მაგრამ მსაჯობით მაინც უკმაყოფილო იყო მისი მთავარი მწვრთნელი ჯესი მარში, რომელმაც შვედი არბიტრი ანდრეას ეკბერგი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

აღსანიშნავია, რომ ეკბერგმა მარში გადაჭარბებული ემოციების გამო პირველ ტაიმში გააფრთხილა.

"მსაჯზე მაშინვე გავბრაზდი. ვიცი, რომ დიდ კლუბებს პატარებისგან განსხვავებულ პატივს სცემენ. მხოლოდ გაბრაზება შემიძლია, მაგრამ არაფერი იცვლება, არც გულშემატკივრების სტვენით. მე-4 მსაჯსაც იგივე დამოკიდებულება აქვს. ორი ვარიანტი მქონდა - ან შევგუებოდი ყველაფერს, ან ჩემი აღშფოთება გამომეხატა მსაჯისგან მეტი პატივისცემის მისაღებად. მეორე პენალტის მომენტში VAR რომ არ ჩარეულიყო, მას არ ნიშნავდა, არადა, აშკარა პენალტი იყო. ხანდახან ჩანდა, რომ მსაჯი უფრო მეტად ნეიმარის ავტოგრაფით იყო დაინტერესებული, ვიდრე თამაშით, ამას სერიოზულად ვამბობ", - თქვა მარშმა.

შეგახსენებთ, რომ ლაიპციგი პსჟ-ს კრისტოფერ ნკუნკუს გოლით ამარცხებდა, რასაც პირველივე ტაიმში ჟორჟინიო ვაინალდუმმა დუბლით უპასუხა, ხოლო გერმანული გუნდი მარცხისგან დომინიკ შობოშლაიმ ბოლო წუთზე პენალტით იხსნა.

A ჯგუფს მანჩესტერ სიტი 9 ქულით ლიდერობს, პარიზელების აქტივში კი 8 ქულაა და მომდევნო ტურში ისინი ერთმანეთს ინგლისში პირველი ადგილისთვის დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები