Thumbnail
  • ნიუკასლი ნიკლას ზიულეს აგენტს უკვე დაუკავშირდა
  • გერმანელს პრემიერლიგაში თამაშის სურვილი აქვს

ნიუკასლ იუნაიტედს ახალი მფლობელი ჰყავს - საუდის არაბეთის წარმომადგენელი უმდიდრესი ფონდი, რომელიც კლუბში დიდი თანხის ჩადებას და მის განვითარებას აპირებს. ნიუკასლს უკვე დაუკავშირეს რამდენიმე ფეხბურთელისა და მწვრთნელის სახელი.

ნიუკასლის პირველი მიზანი მაღალი დონის მთავარი მწვრთნელის მიყვანაა. სტივ ბრიუსის გაშვების შემდეგ "კაჭკაჭები" რამდენიმე სპეციალისტს დაუკავშირდნენ, თუმცა ყველასგან უარი მიიღეს და სასურველი კანდიდატის ძებნას განაგრძობენ.

მთავარი მწვრთნელის გარდა, კლუბი უკვე დაუკავშირდა რამდენიმე ფეხბურთელს. Bild-ის ინფორმაციით, ნიუკასლის ხელმძღვანელები მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველის, ნიკლას ზიულეს აგენტთან საუბრობენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავად გერმანელი ფეხბურთელიც დაინტერესებულია პრემიერლიგაში თამაშით. 26 წლის ცენტრალური მცველი მზადაა, კარიერა "კაჭკაჭების" რიგებში გააგრძელოს.

ზიულეს ბაიერნთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მიუნხენური კლუბი ზიულეს ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებს, მას სეზონის ბოლოს სრულიად უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვებს.

ნიკლას ზიულეს პრემიერლიგაში თამაში დიდი ხანია სურს. გასულ ზაფხულს გერმანელის დამატება ლონდონის ჩელსის სურდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა.    

კომენტარები

ბოლო ამბები