Thumbnail
  • აზერბაიჯანის დედაქალაქი ტურნირს 5-7 ნოემბერს უმასპინძლებს
  • გრანდ სლემში მონაწილეობას საქართველოს ნაკრების 10 წევრი მიიღებს

ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილ გრანდ სლემზე დარეგისტრირდნენ, მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. მოახლოებული ტურნირი 5-7 ნოემბერს შედგება, ტატამიზე კი საქართველოს ნაკრების 10 წევრი გავა.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი უკრაინელ კირილ სამოტუგს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, აზერბაიჯანელ ბალაბაი აგაიევსა და რუს დამირ მერემოვს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

პირველი განთესვა აქვს ვაჟა მარგველაშვილს, რომელიც 60 კგ-ში შეჯიბრში მე-2 რაუნდიდან ჩაებმება და იაპონელი იუჯი აიდასა და აზერბაიჯანელი იბრაჰიმ ალიევის ორთაბრძოლაში გამრჯვებულს ელის. ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილის პირველი მეტოქე აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი იქნება.

ვაჟა მარგველაშვილი

ჯუმბერ მელაძე (73 კგ.) გრანდ სლემში ბრაზილიელ გუსტავო სიკუეირასთან შეხვედრით ჩაებმება და წარმატების შემთხვევაში, რუს მახმადბეკ მახმადებკოვთან დაპირისპირება ელის.

2 წარმომადგენელი გვყავს 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში. გიგა გიგაური აზერბაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვს შეერკინება და თუკი მოიგო, ძალებს ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილთან მოსინჯავს. თორნიკე ფოლადიშვილი უზბეკ სუხრობ ტურსუნოვს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, თურქ ვედატ ალბაირაკს გაეჯიბრება, რომელიც სინამდვილეში ქართველი ვანო რევაზიშვილია.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს განაცხადი ყველაზე შთამბეჭდავად გამოიყურება: ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი ტურნირში მე-2 წრიდან ჩაებმებიან. მაისურაძე ტაჯიკ ჯახონგირ მადჯიდოვსა და კანადელ ალექსანდრ არენსიბიას წყვილში გამარჯვებულს დაელოდება, ხოლო ღვინიაშვილი ბრაზილიელ იგორ მორიშიგესა და რუს ალიხან ჩეხოევს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.

ლუკა მაისურაძე

100 კგ-ში ერთმანეთს, შესაძლოა, უკვე მე-2 წრეში გადაეყარნონ ონისე სანებლიძე და მიხეილ ჯაფარიძე. სასტარტო რაუნდში პირველი აზერბაიჯანელ კანან აბდულახანლის გაეჯიბრება, მეორე კი – ბრაზილიელ ვილიამ ჟუნიორს. მძიმე წონით კატეგორიასა (+100 კგ.) და ქალთა ტურნირში საქართველოს წარმომადგენელი არ ეყოლება.

ბაქოს გრანდ სლემში მონაწილეობას 29 ქვეყნის 196 ძიუდოისტი (129 ვაჟი+67 ქალი) მიიღებს. ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტის სასახლეში ფინალური ბლოკისამივე დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, ტურნირი შარშან კოვიდ-პანდემიის გამო არ გამართულა, 2019 წელს კი, ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) ჩემპიონი გახდა, თემურ ნოზაძეს (60 კგ.) ვერცხლი ერგო, ტატო გრიგალაშვილს (81 კგ.) კი – ბრინჯაო.

🔥 The land of fire is ready for JUDO! UP NEXT: GRAND SLAM BAKU 📅 5-7 November 2021 📍 Baku, Azerbaijan 🔗 live.ijf.org #JudoBaku #judo #sport #olympics #baku #azerbaijan #martialarts

Posted by IJF - International Judo Federation on Sunday, October 31, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები