Thumbnail

„ლიონელ ანდრეს მესი - პატარა კეთროვანი, რომელიც დიდ პრობლემებს ქმნის“ – 2000 წელს სწორედ ასეთი სათაური ჰქონდა არგენტინული გამოცემის, La Capital-ის სტატიას. გავა წლები და მესი იმაზე მეტ პრობლემებს შეუქმნის მეტოქეებს, ვიდრე  2000 წელს მის სამშობლოში წარმოედგინათ. და თანაც, რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ის ყოველთვის იამაყებს მეტსახელით, რომლითაც თინეიჯერი გენიოსი 21-ე საუკუნის დასაწყისში არგენტინულ პრესაში მოიხსენიეს.

როსარიოელი „კეთროვნების“ ამბავი ნიუელს ოლდ ბოიზიდან (Newell’s Old Boys) იწყება - კლუბიდან, რომელიც 1903 წელს ბრიტანელი ისააკ ნიუელსის ჯენტლმენთა სკოლის ბაზაზე დაარსდა და მოგვიანებით ნიუელსის და როსარიო ცენტრალის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და აგრესიული არგენტინული დერბის შემქმნელად იქცა. მეტსახელი „კეთროვნებიც“, რომელიც ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს ასე ეამაყებათ, სწორედ ამ ლეგენდარული მტრობის შექმნას უკავშირდება, როცა ცენტრალის მესვეურებმა გუნდს ასე კეთრით დაავადებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის შემდეგ შეარქვეს.

ნიუელს ოლდ ბოიზი არგენტინელების თავგადასავალში კიდევ ერთი საყურადღებო თავისებურებით გამოირჩევა: პარადოქსულად სიმბოლურია, რომ კლუბი დღემდე ბრიტანულ დასახელებას ინარჩუნებს მაშინ, როცა არგენტინელებისთვის ფეხბურთი, ყოველდღიურ ვნებასთან ერთად, ბრიტანული გავლენისგან გათავისუფლების უმთავრესი საშუალებაა. ლეო მესის მშობლიური ნიუელს ოლდ ბოიზი კი არგენტინული იდენტობის საფეხბურთო გორგლის მხოლოდ ერთი უწყინარი ძაფის ბოლოა.

დიდი საფეხბურთო არგენტინიზაცია: Quién Somos?

ფეხბურთის რომანტიკა არგენტინელებისთვის ჯერ კიდევ მაშინ იქცა საკუთარ იდენტობასთან კომუნიკაციის წყაროდ, როცა, მე-20 საუკუნის დასაწყისში, მათ საკუთარი სტილის მშენებლობით დაიწყეს „არგენტინიზაციის“ და ბრიტანული გავლენისგან თავის დაღწევის ხანგრძლივი პროცესი. არგენტინელებს სჭირდებოდათ რაღაც ძალიან მძლავრი, რაც მათ თვითაღქმას და სიამაყეს ჩრდილოური კულტურული ხაფანგიდან გამოტყორცნიდა, შორს და მძლავრად.

ფეხბურთი არგენტინაში, ისევე, როგორც თითქმის მთელ მსოფლიოში, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ბრიტანელმა მეზღვაურებმა, ვაჭრებმა, ბანკირებმა თუ ინტელექტუალებმა შეიტანეს. ადგილობრივებმა დიდი აღფრთოვანებით მიიღეს ბურთის გაგორების გამოწვევა და მალევე შეუდგნენ საკუთარი თამაშის ძებნას. ამგვარად, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი თავშესაქცევი საქმე მათთვის მალევე იქცა ადგილობრივი კრეოლური რენესანსის და ბრიტანული კულტურისგან განდგომის მძლავრ იარაღად, რომლის ხელში აღებაც ნებისმიერ არგენტინელს უპრობლემოდ შეეძლო: არგენტინაში ყოველ მოსახვევში ფეხბურთს თამაშობდნენ, თანაც თავისებურად უნიკალურად, როგორც ვამბობთ ხოლმე, „თავისი გზით“.

არგენტინული La Nuestra - სტიქიურად სპონტანური და მოურჯულებელ ინდივიდუალიზმზე დაფუძნებული - უფრო და უფრო ხშირად იწვევდა ბრიტანულ ელიტურ თამაშის სტილს და, საბოლოდ, ის იქცა ეროვნული არგენტინული მითების და ლეგენდების ახალ პერსონაჟად, არგენტინული ტანგოს კიდევ ერთ დამატებით ნაირსახეობად. ასე გახდა ბურთაობა დიდი „არგენტინიზაციის“ მამოძრავებელი მექანიზმი, რომლის თავდაპირველი მიზანი, თავის შექცევასთან ერთად, ბრიტანელების მაღალი კულტურისგან გაქცევა გახდა. თუმცა ეს ანგლო-არგენტინული საფეხბურთო ორთაბრძოლის მხოლოდ დასაწყისია.

არგენტინის 'პირველი სპორტსმენი'

თანდათან არგენტინული ფეხბურთი არგენტინელებისთვის საკუთარი იდენტობის გააზრების და კულტურული თვითმყოფადობის ყოველდღიურ რეპეტიციად იქცა. ეს კი, თავისთავად, მიმზიდველი იარაღი აღმოჩნდა არგენტინის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი და წინააღმდეგობრივი დიქტატორის, ხუან პერონის ხელში. ფეხბურთის გულშემატკივარს (რაც, 1940-იანი წლებისთვის, პრაქტიკულად, მთელ არგენტინას ნიშნავდა) ხუან პერონი უყვარდა. განსაკუთრებით უყვარდათ ის ბოკას ფანებს და მათ ეს თავიანთ საფეხბურთო შეძახილშიც ასახეს: „ბოკა, პერონი, ერთი გული“ (“Boca, Peron, una corazon”).

ზედა ფოტოზე: ხუან პერონი და მილტონ ეიზენჰაუერი, პრეზიდენტ  ეიზენჰაუერის ძმა ბოკა-რივერის დერბიზე.
ქვედა ფოტოზე: ევიტა პერონი ხსნის ბავშვთა  ტურნირს

თავად პერონი წინასაარჩევნო კამპანიებსა და გამოსვლებში საკუთარ თავს არგენტინის „პირველ სპორტსმენს“ უწოდებდა და ამით ხაზს უსვამდა, რომ ის, როგორც ქვეყნის მომავალი ლიდერი, იყო იქ, სადაც მთელი არგენტინა - ანუ საფეხბურთო მოედანზე, სპორტსმენების ქომაგთა გვერდით.

პერონის პოლიტიკური გუნდის სლოგანებს შორის მოისმენდით დაპირებას: „პერონი აფინანსებს სპორტს!“. მართლაც, მისი მმართველობის დროს განხორციელდა ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები საფეხბურთო განვითარების მიმართულებით, როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად, ე.წ. Padrinos-ების ანუ კლუბების პოლიტიკური მფარველების მეშვეობით. პერონის ფინანსთა მინისტრი რამონ კარეხო ერთგულად ურიცხავდა ფინანსურ დახმარებებს თავის საყვარელ გუნდს, რასინგს. თუმცა, ეს ყველაფერი, გარდა შიდაპოლიტიკური მობილიზაციისა, პერონისთვის არგენტინის, როგორც ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს საგარეო იმიჯის დასაფიქსირებლადაც იყო მნიშვნელოვანი. მათ, ვინც არგენტინის სახელით საერთაშორისო ჯილდოებს მოიპოვებდნენ, „პერონის მედალოსნებს“ (Medallas Peronistas) უწოდებდნენ.

ევიტა პერონი ფეხბურთელ ბერნარდო განდულასთან ერთად - Cine Argentino magazine-ის ყდაზე. 

ამგვარად, დიდწილად საფეხბურთო დაპირისპირებებს ეფუძნებოდა მსოფლიოში ყველაზე განთქმული არგენტინელი ლიდერის, ხუან პერონის ახალი სოციალური სახელმწიფოს და სახელმწიფოებრივი იდენტობის გადააზრების „პროგრამა“, თანაც უმტკივნეულოდ, ისე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს მასების ლოიალობა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა. და ნამდვილად, არგენტინაში არ არსებობს პოლიტიკოსისთვის უფრო უსაფრთხო და უფრო პერსპექტიული პლატფორმა საკუთარი პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად, ვიდრე საფეხბურთო მოედანი, და თანაც, პერონის საყვარელი ბომბონერაა.

ინგლისელებთან ყველაფერი შეიძლება

ამასობაში კი, არგენტინელი ხალხის საფეხბურთო ბრძოლა უპირველესი „საგარეო მტრის“ წინააღმდეგ კვლავ გრძელდებოდა. ისინი კვლავ ტრიბუნებზე ხმაურობენ და მღერიან: „El que no salta es un inglés!”(„თუ არ ხტუნავ, ინგლისელი ხარ!“).

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისი და არგენტინა ერთმანეთს ლონდონში დაუპირისპირდნენ. სწორედ ეს მატჩი შეიძლება ჩაითვალოს იმ ათვლის წერტილად, საიდანაც სამხრეთამერიკული და ბრიტანული საფეხბურთო ფილოსოფიები საბოლოოდ აღმოჩნდნენ რინგის სხვადასხვა მხარეს. არგენტინელების თავზეხელაღებული, შეუპოვარი და ზოგჯერ საშიშად აგრესიული სტილი ბრიტანული პრესის კრიტიკის საგანი ხშირად ხდებოდა. ლონდონში მოგებული მეოთხედფინალის შემდეგ კი ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელმა ალფ რამზიმ მოწინააღმდეგეებს სულაც „ცხოველები“ უწოდა.

ამ იარლიყმა სიმბოლურად განსაზღვრა არგენტინელი ხალხის უსასრულო ომის ბედი ინგლისელების წინააღმდეგ. საფეხბურთო მოედანი მათ ერთ-ერთ უმთავრეს ბრძოლის ველად ესახებოდათ. არგენტინელებმა 1966 წელს სამშობლოში დაბრუნებული ფეხბურთელები მიიღეს როგორც მებრძოლი გმირები და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ყველაზე დაუნდობელ ატმოსფეროს შექმნიდნენ ყველასთვის, ვინც კი კუნძულიდან მათთან სათამაშოდ ჩავიდოდა.

ალფ რამზი არ რთავს ნებას ჯორჯ კოჰენს, მაისური გაუცვალოს ალბერტო გონსალესს. ინგლისი 1:0 არგენტინა (1966).

ასეც აღმოჩნდა, როცა 1977 წელს, ივნისის მზიან კვირა დღეს, ინგლისის ნაკრები არგენტინას ამხანაგური მატჩის სათამაშოდ ეწვია. BBC მატჩს უკვე ფერად ტელევიზორებში გადასცემს, არგენტინაში კი მას კვლავ შავ-თეთრ ფერებში უჩვენებენ. თამაშის ბოლოს დაფიქსირებული ფრე (1:1) ოდნავადაც ვერ ასახავს იმ შეუწყნარებელ დაპირისპირებას, რომელიც 'ბომბონერაზე' არგენტინელებმა ინგლისელებს გაუმართეს. ამ თამაშის შემდეგ, არგენტინელთა ერთადერთი გოლის ავტორს, დანიელ ბერტონის კიდევ დიდხანს ეტყობოდა მარცხენა ხელზე იარა, რომელიც თამაშის დროს ტრევორ ჩერისთვის კბილებში დარტყმის შემდეგ დარჩა. როგორც არგენტინელები ამბობენ, ეს შეხვედრა იყო ყველაფერი, „ამხანაგურის“ გარდა.

ამასობაში, არგენტინული მიწიდან ამოზრდილი ვარსკვლავი დიეგო მარადონა ლამის ეგზისტენციალურ პრობლემად ექცა ყველას, ვის წინააღმდეგაც ის თამაშობდა. გასაკვირი არ არის, რომ ინგლისის ნაკრებს ეს განსაკუთრებით ეხებოდა. ამ პერიოდში ორი ქვეყნის ისედაც ტოქსიკური დაპირისპირება მწვანე მოედანზე უფრო გაამწვავა 1982 წელმა - არგენტინის შეჭრამ ფოლკლენდის კუნძულებზე და იქ ინგლისელებთან განცდილმა სამარცხვინო და მტკივნეულმა სამხედრო მარცხმა.

მექსიკის 1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ინგლისის წინააღმდეგ „ღმერთის ხელით“ გატანილი გოლის გახსენება ნებისმიერი არგენტინელისთვის დღემდე ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენად, სიამაყედ და ეროვნული მნიშვნელობის გამარჯვებად რჩება. მათ შორის, თავად მარადონასთვის: „არგენტინაში არიან ასეთი ადამიანები, Carteristas, ჯიბის ქურდები, [მე] ინგლისის წინააღმდეგ ეს ვიყავი, ეს გავაკეთე. და არ ვნანობ, რადგან ინგლისთან ყველაფერი შეიძლება“. ეს გოლი არგენტინელებისთვის 4 წლისწინანდელი ომის არგენტინული დასასრული იყო.

ეროვნული სირცხვილი ორმაგად და მსოფლიოს ჩემპიონობა დემოკრატიის წიაღში

მარადონას ნაკრებში გამოჩენა არგენტინის განსაკუთრებით მძიმე პოლიტიკურ ეპოქას დაემთხვა. „სამმაგი A-ს“ (Argentinian Anticommunist Alliance) სადამსჯელო რაზმები გამუდმებით და ბრუტალურად აქრობდნენ დიქტატორ ხორხე რაფაელ ვიდელას პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. ამგვარ დროებაში არგენტინული ფეხბურთი კიდევ ერთხელ იქცა პოლიტიკური ელიტისთვის საჭირო ინსტრუმენტად: ამ დროისთვის ფეხბურთი არგენტინელი ხალხის ცნობიერებაში იმდენად ძვირფასი კულტურული მოვლენაა, რომ საფეხბურთო წარმატება პრაქტიკულად პოლიტიკური წარმატების მსაზღვრელია. გენერალს ფეხბურთი დიდად არ უყვარდა, თუმცა უყვარდა ძალაუფლება.

1978 წლის მუნდიალის გახსნის ცერემონიაზე ვიდელამ ოფიციალურად მიმართა არგენტინელებით სავსე 'მონუმენტალს', რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატს მშვიდობის სიმბოლოთი უმასპინძლებდა. ცერემონიის სცენარის მიხედვით, ცაში მტრედებიც გაუშვეს, რომლებმაც, ალბათ, იქვე ახლოს არგენტინის ფლოტის საწვრთნელ ცენტრსაც გადაუფრინეს.

“Los Desaparecidos”, ე.წ. „გაუჩინარებულები“ ვიდელას რეჟიმის მსხვერპლთა და წამებულთა კრებითი სახელია. 'მონუმენტალიდან' არც ისე შორს, ე.წ. „გაუჩინარებულთა“ ბანაკში, ანუ ფლოტის ცენტრში თავმოყრილ რეპრესირებულებს კარგად ესმოდათ სტადიონიდან ამომავალი ყიჟინა. ისინი პერიოდულად ნაკრების გამარჯვების აღსანიშნავ ხმაურსაც უერთდებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, არგენტინის თითოეული საფეხბურთო მიღწევა ვიდელას რეჟიმის გახანგრძლივებას ნიშნავდა. თუმცა, როგორც 'ალბისელესტეს' ლეგენდარული დამრიგებელი, სესარ ლუის მენოტი იტყოდა, ფეხბურთელები თამაშობდნენ უბრალო არგენტინელი ყასბებისთვის და მასწავლებლებისთვის. ისინი თამაშობდნენ არგენტინელი ხალხისთვის და არა საპრეზიდენტო სასახლეში გამაგრებული გენერლებისთვის.

მენოტიმ დიქტატურის კონტექსტში მოახერხა ის, რომ არგენტინული ფეხბურთი იმ La Nuestra-დ დარჩენილიყო, რომელიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა არგენტინული კულტურის ნაწილად. ამის მიუხედავად, 1978 წლის მუნდიალი მაინც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ მოვლენად მიიჩნევა, რაც კი არგენტინაში გამართულა. ამას თან დაერთო მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატის არანაკლებ მტკივნეული პერიპეტიები, 1982 წელს მმართველი ხუნტის და ნაკრების ორმაგი - სამხედრო და საფეხბურთო - მარცხი და სვლა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონობისკენ, რაც არგენტინელებისთვის ერთდროულად წარუმატებელ საფეხბურთო და პოლიტიკურ წარსულთან დამშვიდობების სიმბოლო გახდა.

მექსიკაში ინგლისის ნაკრების ეპიკური დამარცხების შემდეგ ბელგიასთან ნახევარფინალში გამარჯვება და დასავლეთ გერმანიასთან ფინალში მოპოვებული ჩემპიონობა ხალხისთვის უფრო ტკბილი იყო, ვიდრე 1978 წლის ტიტული, რადგან, როგორც არგენტინელი კომენტატორი ვიქტორ ჰუგო მორალესი იტყოდა, „ეს იყო დამსახურებული ჯილდო, დამსახურებული შორს სამხედრო მეთვალყურეობისგან, ეს არგენტინული დემოკრატიის მონაპოვარი იყო.“

Padrinos: პოლიტიკური პოპულიზმი და ლიდერები საფეხბურთო სამყაროში

“ის მართავდა მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ერს და იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბის პრეზიდენტი. ამიტომ, ცოტას თუ ეცოდინება უკეთ ჩვენი სპორტის [ფეხბურთის] უნიკალურობა და შთამაგონებელი ვნება” - ასე წარადგინა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ არგენტინის და ბოკა ხუნიორსის ყოფილი პრეზიდენტი მაურისიო მაკრი ფიფას ფონდის აღმასრულებელ ხელმძღვანელად.

სანამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა, 12 წლის განმავლობაში, მაკრი ბოკას პრეზიდენტი იყო, არგენტინის ყველაზე პოპულარული გუნდის ყველაზე წარმატებულ 1995-2007 წლებში. ამან მას დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოუტანა. შედეგად, ჯერ ბუენოს აირესის მერი გახდა, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტი. რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ბოკას ყოფილმა ხელმძღვანელმა მაკრიმ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პერონისტი კანდიდატის, ალბერტო ფერნანდესის წინააღმდეგ წააგო.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ის საკუთარ თავს ადარებდა „მინდვრის მომვლელს, რომლის ფუნქციაა, დარწმუნდეს, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია და თამაშს ხელს არაფერი შეუშლის.“ მეტაფორულად ეს იმას ნიშნავდა, რომ მაკრი რადიკალურად ებრძოდა ფან-ჯგუფებისა და პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის არგენტინაში ფართოდ გავრცელებულ ხანგრძლივ და ფატალურ ტრადიციას, რომელიც, ათწლეულების განმავლობაში, პოლიტიკურად ანგაჟირებული მილიტარისტული და ძალადობრივი ჯგუფების ე.წ. Barras Bravas (მოსისხლე მტრები) ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.

ეს ჯგუფები დღემდე ხშირად გამოიყენება კლუბების ე.წ. Padrinos (მფარველის, ნათლიის) მიერ პოლიტიკური ხმების მობილიზაციისთვის, რადგან არგენტინაში ფეხბურთის მაყურებლის მობილიზება ხმათა მობილიზებასთან ასოცირდება. ამიტომ, მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში საფეხბურთო ხულიგანიზმი მარგინალიზებულ ფენომენად მიიჩნევა, Barra Bravas ძალადობრივ ჯგუფებთან საჭირო კონტაქტებით ყველა სარგებლობს: პოლიტიკური ელიტა, პოლიცია, ზოგჯერ თავად ფეხბურთელებიც კი.

საბოლოოდ, არგენტინა ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი, როგორც უნიკალური ფოლკლორის ნაწილი, თავის ძლევამოსილებას საუკუნეზე მეტია, არგენტინელი ხალხის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში განავრცობს. მოქნილი, სწრაფი და გრაციოზული ტანგოს მოტივებიდან დაუნდობელ პოლიტიკურ ბრძოლებამდე - უწყინარი ბურთის გაგორება 'ალბისელესტეს' დაუსრულებელი ომია, რომლის გარშემოც სრულიად არგენტინა ერთიანდება. რუსეთის მუნდიალზეც კი გაიგებდით სტადიონებზე შეძახილს: „Dejando muchas cosas de lado para verte a vos, La banda nunca se olvidará de las Islas Malvinas.“ („ჩვენ ბევრი რამ დავტოვეთ და მოვედით თქვენს სანახავად, ჩვენ, ფანები არასდროს დავივიწყებთ ფოლკლენდს“). და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება ასე.

ნინო სამხარაძე
პოლიტიკის ანალიტიკოსი, (ქართული) ფეხბურთის გულშემატკივარი და მოყვარული, ფეხბურთის არასაფეხბურთო ამბების მკვლევარი.

კომენტარები

ბოლო ამბები