Thumbnail
  • ლივერპული 2:0 ატლეტიკო
  • კლოპმა და სიმეონემ ერთმანეთს ხელი არც 'ენფილდზე' ჩამოართვეს
  • ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა ატლეტიკოსთან თამაში შეაფასა

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში შინ მადრიდის ატლეტიკოს ორი უპასუხო გოლი გაუტანა, ოთხ მატჩში ქულათა მაქსიმუმი (12) დააგროვა და ტურნირის 1/8-ფინალი ჯგუფში პირველი ადგილით გაინაღდა. 

მასპინძელთა რიგებში გოლებით დიოგო ჟოტა და სადიო მანე გამოირჩნენ, საგოლე პასებით კი თანაგუნდელები ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდმა მოამარაგა. არბიტრმა 36-ე წუთზე მადრიდელებს ფელიპე გაუძევა, რომელმაც მანეზე იუხეშა. 

"მერსისაიდელთა” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა “ენფილდზე” გამართული შეხვედრა შეაფასა:

"ხალხს უფრო მეტი გოლი სურს, მაგრამ ჩვენც ბევრი მომენტი შევქმენით. ჩემი აზრით, ლივერპულმა თითქმის იდეალურად ითამაშა. გავიტანეთ მაშინ, როდესაც ეს საჭირო იყო. 

პირველი მატჩისგან განსხვავებით, თამაშის დასაწყისში მეტოქე წინ აქტიურად მოიწევდა, მაგრამ ჩვენც კარგად დავიწყეთ. ამავდროულად, კარგად ვიმოქმედეთ დამაგვირგვინებელ ფაზაში, განსაკუთრებით ეს მანეს გოლის ეპიზოდზე ითქმის. 

რაც შეეხება წითელ ბარათს, ის ძალიანაც არ მოგვწონს. ათი კაცის წინააღმდეგ თამაში სასურველი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, გავიმარჯვეთ ანგარიშით 2:0, საღამო კი მშვენიერი გამოვიდა. 

არბიტრი აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ ნამდვილად უკმაყოფილო ვარ იმით, რომ მანეს შეცვლა მომიხდა. მაღალ ბურთზე ყველა ორთაბრძოლას შეიძლებოდა ნებისმიერი რამ მოჰყოლოდა. ასე რომ, მისი შეცვლა აუცილებლობიდან გამომდინარე დამჭირდა. 

ჩვენი პირველი ამოცანა ჯგუფიდან გასვლა იყო და ეს ორი ტურით ადრე შევძელით. ამას არ ველოდი, მაგრამ ბიჭებმა ეს შეძლეს და თან, აბსოლუტურად დამსახურებულად", - თქვა კლოპმა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ და ლივერპულის თავკაცმა იურგენ კლოპმა, პირველი მატჩის მსგავსად, საფინალო სასტვენის შემდეგ ხელი ერთმანეთს არც ამჯერად ჩამოართვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები