Thumbnail

აივენგო რიკაძე მსოფლიოს ჩემპიონია! მე-2 ოქრო საქართველოს ნაკრებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მოჭიდავემ ფინალში შვეიცარიელ მეტოქეს 5:1 მოუგო
  • ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ფრიდონ აბულაძე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი აივენგო რიკაძე (82 კგ.) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

რიკაძე ოქროს მედლისთვის შვეიცარიელ რამონ რაინერ ბეტშარტს შეხვდა და დამაჯერებლად – 5:1 მოიგო. შეგახსენებთ, რომ აივენგო ტურნირში გუშინ ჩაერთო და გზიდან ესტონელი რანეტ კალიოლა (3:0), ფინელი ოტო ემელი კეტონენი (9:0) და რუსი შამილ ოჟაევი (5:3) ჩამოიცილა.

აივენგო რიკაძე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე

დღესვე, ფრიდონ აბულაძე (60 კგ.) მე-3 ადგილისთვის უზბეკეთის წარმომადგენელ მუხამადკოდირ იუსუპოვს გაეჯიბრა და 3:3-ზე ბოლოს აღებული ქულების წყალობით მოიგო. ქართველმა მოჭიდავემ ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც ყირგიზ ნურმუხამეტ აბდულაევს 3:2 სძლია, მეოთხედფინალში რუმინელი რაზვან არნო 7:4 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ირანელ მეჰდი სეიფოლა მოჰსენ ნეჯადისთან 3:5 წააგო და რეპეშაჟში ასე აღმოჩნდა. ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდა ჯონი ხეცურიანსაც (67 კგ.), თუმცა, რუს მიახდი იახიაევთან 1:5 წააგო.

ამგვარად, ბერძენ-რომაელთა 23-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს პირველობა 3 მედლით დაასრულა. გუშინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა ლერი აბულაძემ (63 კგ.) მოახერხა. 5-7 ნოემბერს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ და საქართველოს ამჯერადაც სრული – 10-კაციანი გუნდი ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები