Thumbnail
  • გენტი კონფერენსლიგაში ბელგრადის პარტიზანთან საშინაო მატჩისთვის ემზადება
  • 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გუნდთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა
  • ჰეინ ვანჰეზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე 24-კაციან სამატჩო განაცხადში შეიყვანა

გიორგი ჩაკვეტაძის გენტი კონფერენსლიგაში მორიგი მატჩისთვის ემზადება. სასიხარულოა, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობს 22 წლის ქართველი ნახევარმცველიც, რომელიც გენტის ბოლო მატჩის განაცხადშიც არ იყო.  

გენტმა ჟუპილერ ლიგის მე-13 ტურის მატჩი როიალ უნიონთან საკუთარ მოედანზე ჩაატარა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ბელგიური მედია წერდა, რომ გიორგიმ ეს თამაში მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

გენტი 4 ნოემბერს კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე ბელგრადის პარტიზანთან ჩაატარებს. როგორც კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ჩაკვეტაძე მწყობრშია და გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვარჯიშობს.

მოგვიანებით გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა 24-კაციანი სამატჩო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩაკვეტაძეც მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ტრავმების გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა, მიმდინარე სეზონში გენტის მაისურით ყველა ტურნირის 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი. ჩაკვეტაძემ გატანა ახლახან, ბელგიის თასზე მოახერხა და ეს ოფიციალურ მატჩში მისი პირველი გოლი იყო 928-დღიანი პაუზის შემდეგ. 

სხვათა შორის, ზოგიერთი საიტი გიორგის პარტიზანთან მატჩში ჰეინ ვანჰეზებრუკის სასტარტო შემადგენლობაშიც მოიაზრებს. 

ჩაკვეტაძეს გოლი თანაგუნდელებმა მიულოცეს 

გენტმა კონფერენსლიგის B ჯგუფში ჩატარებულ სამ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი (9) მოიპოვა და პირველ ადგილზეა. პარტიზანი 6 ქულით მეორეა, მესამე-მეოთხე ადგილებს კი შესაბამისად, ფლორა (1) და ანორთოსისი (1) იკავებენ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები