Thumbnail
  • ჩრდილოეთ მაკედონიის საკალათბურთო ნაკრების განაცხადში 5 ლეგიონერია
  • ილიას ზუროსის გუნდი მათ გარდა ესპანეთსა და უკრაინას ეთამაშება

ჩრდილოეთ მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა დრაგან ბაიჩმა გაფართოებულ რაზმში 18 კალათბურთელი შეიყვანა, რომლებიც მზადებას 20 ნოემბერს სკოპიეში დაიწყებენ, შემდეგ კი შემადგენლობა 14 კაცამდე დავა.

გამოძახებულთა შორის ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატზე მოთამაშე კალათბურთელები არიან, ლეგიონერი კი ხუთია. გუნდის ლიდერებად ესპანური ვალენსიას წევრი ნენად დიმიტრიევიჩი და ნატურალიზებული ამერიკელი ცენტრი ჯეიკობ ვილი უნდა მივიჩიოთ, რომელიც მონტენეგროული ბუდუჩნოსტის ღირსებას იცავს.

მაკედონიელთა მთავარი მწვრთნელი დრაგან ბაიჩი

ზოგადად, იმის თქმა შეიძლება, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას ამაზე გაცილებით ძლიერი ნაკრებები ჰყოლია, ახლანდელი შემადგენლობა კი შთამბეჭდავად ნამდვილად არ გამოიყურება. შესაბამისად, მათთან წარმატების შანსი საქართველოს ნაკრებისთვისაც მაღალია.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდები წილისყრის შედეგად G ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად მაკედონიელთა გარდა, ესპანეთი და უკრაინაც ეყოლებათ. ნოემბერში ქართველი კალათბურთელები 2 მატჩს ჩაატარებენ: 26-ში უკრაინას უმასპინძლებენ, ხოლო 29-ში სტუმრად ესპანეთს ეთამაშებიან.

თავის მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონია კვალიფიკაციას 26-ში ესპანეთთან საშინაო თამაშით გახსნის, 29-ში კი – კიევში, უკრაინასთან შეხვედრა ელის. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის და იმედია, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც იქნება, რომლის მთავარი მწვრთნელიც გაფართოებულ შემადგენლობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს.

ჩრდილოეთ მაკედონიის საკალათბურთო ნაკრები

ბოიან კრსტევსკი, კრისტიან ნიკოლოვი, დამიან რობევი, დარიო მიტევსკი, ადემ მეკიჩი, დამიან სტოიანოვსკი (ყველა – МЗТ სკოპიე), ბობან სტაიჩი, სტოიან გუროსკი, ლუბომირ მლადენოვსკი (ყველა – პელისტერი), ანდრეი მიტრევსკი (ფენიქს 2010), ვიკტორ ეფრემოვსკი (გოსტივარი), ანდრეი მასლინკო (ТФТ), კირილ ნიკოლოვსკი (კოზუვი), ლასონ ზეკირი (პრიშტინა, კოსოვო), ანდრეი მაგდევსკი (პლოეშტი, რუმინეთი), ტეოდორ სიმიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), ნენად დიმიტრიევიჩი (ვალენსია, ესპანეთი), ჯეიკობ ვილი (ბუდუჩნოსტი, მონტენეგრო).

კომენტარები

ბოლო ამბები