Thumbnail

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლერი აბულაძე (63 კგ.) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

აბულაძე გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თურქ აჰმეტ უიარს გაეჯიბრა და 3:1 სძლია. შეგახსენებთ, რომ ლერი ტურნირში გუშინ ჩაერთო და გზიდან ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსი გეორგი ტიბილოვი (7:3) და ირანელი ალი რეზა აიატ ნეჯატი (7:3) ჩამოიცილა.

ცნობისთვის, ლერიმ წლეულს დიდების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც იჭიდავა და იქაც ოქროს მედლამდე ცოტა დააკლდა - ირანელ მეისამ დალხანისთან 4:5 წააგო.

დღესვე, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ნიკოლოზ ჭიკაიძესა (77 კგ.) და თემურ ჭკუასელიძესაც (87 კგ.), თუმცა, მათ გადამწყვეტი ორთაბრძოლები წააგეს. ჭიკაიძემ რუს სერგეი სტეპანოვთან 0:10 განადგურდა, ჭკუასელიძემ კი უცნაური შეხვედრა ჩაატარა: ირანელ ნასერ გასემ ალიზადეს 7:0-ს უგებდა და ვადამდელ გამარჯვებამდე ერთადერთი ქულა აშორებდა, თუმცა, მერე ზედიზედ 15 (!) ქულა გაუშვა და აშკარა უპირატესობით თავად დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ მსოფლიოს პირველობის ფინალში იჭიდავებს აივენგო რიკაძე (82 კგ.), ფრიდონ აბულაძე (60 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.) და ოთარ აბულაძე (72 კგ.) კი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები