Thumbnail
  • ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში ირანელ მეტოქეს აჯობა
  • ბრინჯაოს მედლისთვის საქართველოს ნაკრების 3 წევრი იბრძოლებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი აივენგო რიკაძე (82 კგ.) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

რიკაძემ დილის სესიაში გზიდან ესტონელი რანეტ კალიოლა (3:0), ფინელი ოტო ემელი კეტონენი (9:0) და რუსი შამილ ოჟაევი (5:3) ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი ირანელ მოჰამად აზიზ ნაგუსის 5:3 სძლია და საჩემპიონო ორთაბრძოლაში შვეიცარიელ რამონ რაინერ ბეტშარტს გაეჯიბრება.

3 ნოემბერს კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ექნებათ ფრიდონ აბულაძეს (60 კგ.), ჯონი ხეცურიანსა (67 კგ.) და ოთარ აბულაძესაც (72 კგ.). ისინი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ფრიდონ აბულაძემ (60 კგ.) ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც ყირგიზ ნურმუხამეტ აბდულაევს 3:2 სძლია, მეოთხედფინალში რუმინელი რაზვან არნო 7:4 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ირანელ მეჰდი სეიფოლა მოჰსენ ნეჯადისთან 3:5 წააგო და რეპეშაჟში ამერიკელ და უზბეკ მოჭიდავეებს შორის უმჯობესს ელის.

ჯონი ხეცურიანმა (67 კგ.) ამერიკელ ალსტონ ჯონ ნუტერს (9:0), უზბეკ მაჰმუდ ბაკშილოევსა (3:3-ზე, ბოლო ქულის წყალობით) და ყირგიზ მარლენ ასიკიევს (8:1) აჯობა, ირანელ მოჰამად ჯავად საადატ რეზაეის კი ვეღარ გაუმკლავდა – 1:5. ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ, უკრაინელ და რუს ფალავნებს შორის უმჯობესს შეერკინება.

ოთარ აბულაძემ (72 კგ.) ჰასან ალჰარტი (საუდის არაბეთი, 9:0) და მარკოს სანჩეს სილვა მეხიასი (ესპანეთი, 9:0) ვადაზე ადრე დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს სერგეი კუტუზოვთან სუფთად წააგო და ვინაიდან რუსი ფალავანი ფინალში გავიდა, სანუგეშო რაუნდში გადაერთო. აბულაძე ჩეხ დენის მერტლსა და ირანელ ამირ ალი აბდის შორის უმჯობესს შეხვდება და თუ იმარჯვა, ბრინჯაოსთვის აზერბაიჯანელ ულვი განიზადეს დაუპირისპირდება.

დღეს საღამოს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალოსნები გამოვლინდება და ხალიჩაზე სამ ქართველ ფალავანს ვიხილავთ. ფინალშია და თურქ აჰმეტ უიარს შეერკინება ლერი აბულაძე (63 კგ.), ხოლო ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ.) და თემურ ჭკუასელიძე (87 კგ.) ბრინჯაოს მედლებისთვის, შესაბამისად, რუს სერგეი სტეპანოვსა და ირანელ ნასერ გასემ ალიზადეს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები