Thumbnail
  • 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ბერძენ-რომაელებს შედეგიანი დღე აქვთ
  • ბელგრადში მიმდინარე ტურნირზე დღეს პირველი მედალოსნები გამოვლინდებიან

დღეს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 5 წევრი ჩაება, რომელთაგან 3 ნახევარფინალში გავიდა და სამივეს ირანელი მეტოქე ეყოლება.

ფრიდონ აბულაძემ (60 კგ.) ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც ყირგიზ ნურმუხამეტ აბდულაევს 3:2 სძლია, მეოთხედფინალში კი რუმინელი რაზვან არნო 7:4 დაამარცხა და ნახევარფინალში მეჰდი სეიფოლა მოჰსენ ნეჯადისთან დაპირისპირება ელის.

ფრიდონ აბულაძემ დილის სესია დაუმარცხებლად განვლო

ჯონი ხეცურიანმა (67 კგ.) ამერიკელ ალსტონ ჯონ ნუტერს (9:0), უზბეკ მაჰმუდ ბაკშილოევსა (3:3-ზე, ბოლო ქულის წყალობით) და ყირგიზ მარლენ ასიკიევს (8:1) აჯობა და ახლა, მოჰამად ჯავად საადატ რეზაეისთან შეხვედრა ელის.

აივენგო რიკაძემ (82 კგ.) გზიდან ესტონელი რანეტ კალიოლა (3:0), ფინელი ოტო ემელი კეტონენი (9:0) და რუსი შამილ ოჟაევი (5:3) ჩამოიცილა და ფინალის საგზურისთვის მოჰამად აზიზ ნაგუსის შეერკინება.

რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვს ოთარ აბულაძეს (72 კგ.), რომელმაც ჰასან ალჰარტი (საუდის არაბეთი, 9:0) და მარკოს სანჩეს სილვა მეხიასი (ესპანეთი, 9:0) ვადაზე ადრე დაამარცხა, მეოთხედფინალში რუს სერგეი კუტუზოვთან სუფთად დამარცხდა და თუკი რუსი ფალავანი ფინალში გავიდა, სანუგეშო რაუნდში გადაერთვება.

ჯონი ხეცურიანი ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მივიდა

სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა გიორგი კაცანაშვილი (97 კგ,), რომელმაც მერვედფინალში 5:5-ზე, ბოლო ქულის გამოისობით, მარცხი განიცადა ბეიტულა კაისდაგთან და ვინაიდან შემდეგ თურქმაც წააგო, ქართველი მოჭიდავე ტურნირს მიღმა დარჩა.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება, 21:00 საათიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალოსნები გამოვლინდება და ხალიჩაზე სამ ქართველ ფალავანს ვიხილავთ.

ფინალშია და თურქ აჰმეტ უიარს შეერკინება ლერი აბულაძე (63 კგ.), ხოლო ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ.) და თემურ ჭკუასელიძე (87 კგ.) ბრინჯაოს მედლებისთვის, შესაბამისად, რუს სერგეი სტეპანოვსა და ირანელ ნასერ გასემ ალიზადეს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები