Thumbnail

კიდევ ერთი მედლის შანსი - ჭიკაიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე პირველი მედლები დღეს გათამაშდება
  • ლერი აბულაძე ფინალშია, ჭიკაიძე და ჭკუასელიძე კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ნიკოლოზ ჭიკაიძემ (77 კგ.) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ჭიკაიძემ დღეს რეპეშაჟში 2 ორთაბრძოლა ჩაატარა და ორივეში გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ფალავანმა ალბანელი არდიტ ნდოჯი 10:0 გაანადგურა, თურქ ერკან ერგენთან კი გაცილებით დიდი ბრძოლა გადახდა. ნიკოლოზი 0:2 ჩამორჩა, თუმცა, შემდეგ 2 ქულა თავად აიღო და ბოლო ქულების პრინციპით, მოგება მას დარჩა. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ქართველი მოჭიდავის მეტოქე რუსი სერგეი სტეპანოვი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ჭიკაიძე მსოფლიოს ჩემპიონატში გუშინ ჩაერთო და ტუნისელი ლამჯედ მააფი (8:5) დაამარცხა, მერვედფინალში კი მომავალ ფინალისტ ამინ იავარ კავიანინეჯადთან წააგო (0:6) და რეპეშაჟში ამგვარად აღმოჩნდა.

ლერი აბულაძე დღეს მსოფლიოს პირველობის ფინალში იჭიდავებს

ამგვარად, საღამოს სესიაში, რომელიც სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს, კვარცხლბეკზე ასვლის შანსი საქართველოს ნაკრების სამ წევრს ექნება. ფინალშია და თურქ აჰმეტ უიარს შეერკინება ლერი აბულაძე (63 კგ.), ხოლო ჭიკაიძის მსგავსად, ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს თემურ ჭკუასელიძე (87 კგ.). მისი მოწინააღმდეგე ირანელი ნასერ გასემ ალიზადე იქნება.

დღესვე ტურნირში ბერძენ-რომაელთა დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, საქართველოს ღირსებას კი ფირუზ აბულაძე (60 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), ოთარ აბულაძე (72 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) იცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები