Thumbnail

ლერი აბულაძე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა ფალავანმა ყაზახი, რუსი და ირანელი მეტოქეები დაამარცხა
  • ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს საქართველოს ნაკრების 2 წევრი ინარჩუნებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ლერი აბულაძე (63 კგ.) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და 2 ნოემბერს ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

აბულაძემ გზიდან ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1), რუსი გეორგი ტიბილოვი (7:3) და ირანელი ალი რეზა აიატ ნეჯატი (7:3) ჩამოიცილა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში თურქ აჰმეტ უიარს დაუპირისპირდება.

ლერი აბულაძემ ნახევარფინალში ირანელი ალი რეზა აიატ ნეჯატი დაამარცხა

ფინალამდე ძალიან ცოტა დააკლდა თემურ ჭკუასელიძეს (87 კგ.), რომელმაც ნახევარფინალი რუს ალეკსანდრ კომაროვთან 7:7 დაასრულა, თუმცა, ბოლო ქულის წყალობით, გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

მანამდე, თემურმა სომეხ გევორგ ტადევოსიანს (8:0), ბულგარელ სვეტოსლავ ნიკოლოვსა (10:1) და თურქ მუჰუტდინ სარიჩიჩეკს (8:5) აჯობა, ბრინჯაოს მედლისთვის კი რეპეშაჟის ერთ-ერთ გამარჯვებულს (ირანელი, ინდოელი ან ყაზახი მოჭიდავე) გაეჯიბრება.

თემურ ჭკუასელიძეს რუსი ალეკსანდრ კომაროვის ბარიერის გავლამდე ცოტა დააკლდა

კვარცხლბეკზე ასვლის შანსს ინარჩუნებს ნიკოლოზ ჭიკაიძეც (77 კგ.), რომელმაც ტუნისელი ლამჯედ მააფი (8:5) დაამარცხა, მერვედფინალში კი მომავალ ფინალისტ ამინ იავარ კავიანინეჯადთან წააგო (0:6) და რეპეშაჟში გადავიდა. ქართველი ფალავანი ალბანელ არდიტ ნდოჯის გაეჯიბრება, თუკი მოიგო, თურქ ერკან ერგენს შეხვდება და მისი დამარცხების შემთხვევაში, ბრინჯაოსთვის რუს სერგეი სტეპანოვს შეხვდება.

ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე გიორგი თოხაძე (55 კგ.) და გიორგი ცოფურაშვილიც (130 კგ.) გავიდნენ, თუმცა, ისინი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.  2 ნოემბერს საქმეში ბერძენ-რომაელთა დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლებსაც ვიხილავთ, საქართველოს ღირსებას კი ფირუზ აბულაძე (60 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), ოთარ აბულაძე (72 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) დაიცავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები