Thumbnail
  • ლერი აბულაძემა და თემურ ჭკუასელიძემ დილის სესია დაუმარცხებლად განვლეს
  • კიდევ ორ ქართველ ფალავანს რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვს

მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის სასტარტო დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 2 წევრი ნახევარფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს, ორსაც კი რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვს.

ტურნირის პირველი ნახევარი დაუმარცხებლად ლერი აბულაძემა (63 კგ.) და თემურ ჭკუასელიძემ (87 კგ.) განვლეს. აბულაძემ ყაზახი ასაუხატ მუხამადიევი (5:1) და რუსი გიორგი ტიბილოვი (7:3) დაჯაბნა და ნახევარფინალში ირანელ ალი რეზა ოლა ნეჯატის გაეჯიბრება.

3 გამარჯვება იზეიმა ჭკუასელიძემ. ქართველმა ფალავანმა გზიდან სომეხი გევორგ ტადევოსიანი (8:0), ბულგარელი სვეტოსლავ ნიკოლოვი (10:1) და თურქი მუჰუტდინ სარიჩიჩეკი (8:5-ზე, ტუშეთი) ჩამოცილა. თემურის მომდევნო მოწინააღმდეგე რუსი ალეკსანდრ კომაროვი იქნება.

თემურ ჭკუასელიძემ ფინალამდე 3 გამარჯვება იზეიმა

გიორგი თოხაძემ (55 კგ.) სომეხ აშოტ მხითარიანს 8:0 სძლია, ხოლო ტეილორ ლა მონტთან 3:6 წააგო და თუკი ამერიკელმა ფინალში გასვლა მოახერხა, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში გადავა. მსგავსი შანსი აქვს ნიკოლოზ ჭიკაიძესაც (77 კგ.), რომელმაც ტუნისელი ლამჯედ მააფი 8:5 დაამარცხა, შემდეგ კი, ირანელ ამინ კავიანინეჯადთან 0:6 წააგო და ახლა, ნახევარფინალში სწორედ მას უქომაგებს.

ქართველი ფალავნებიდან ყველაზე სუსტად მძიმეწონოსანი გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ.) გამოვიდა, რომელმაც კვალიფიკაციაშივე წააგო (1:6) გერმანელ ფრანც რიხტერთან და ვინაიდან შემდეგ წრეში ეს უკანასკნელიც დამარცხდა, ქართველმა მოჭიდავემ სანუგეშო რაუნდში გადასვლის შანსიც დაკარგა.

საღამოს სესია თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს სტარტს და პირველი ფინალისტების ვინაობასაც შევიტყობთ. ხვალ, 2 ნოემბერს ხალიჩაზე ბერძენ-რომაელთა დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავლენ, საქართველოს ღირსებას კი ფირუზ აბულაძე (60 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.), ოთარ აბულაძე (72 კგ.), აივენგო რიკაძე (82 კგ.) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ.) დაიცავენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი მასპინძლობს და გასაკვირი არაა, რომ ტურნირს ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილიც ესწრება, რომელიც 10 ოქტომბერს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონი სწორედ სერბეთის სახელით გახდა. შესაბამისი ვიდეო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) სოციალურ ქსელში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლო ამბები