Thumbnail

1 ნოემბერს იაპონიის სუმოს ასოციაციამ ახალი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოაქვეყნა წლის უკანასკნელი ბაშოსთვის. ნოემბრის სუპერტურნირი კუნძულ კიუშუზე 14-28 ნოემბერს გაიმართება. ახალ ტურნირს ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე), რომელიც ახლახან 34 წლის შესრულდა, დასავლეთის მე-13 მაეგაშირას რანგში ხვდება. ეს ერთი სრული საფეხურით დაქვეითების ტოლფასია, რადგან წინა ბაშოზე ლევანმა დასავლეთის მე-12 მაეგაშირას სტატუსით იჭიდავა და სუპერტურნირი 7-8 ბალანსით დაასრულა.

ტოჩინოშინისთვის კიუშუს ბაშო კარიერაში 93-ე იქნება, მან 624 ორთაბრძოლა მოიგო, აქედან 507 უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში. შეგახსენებთ, რომ ის ყოფილი ოძეკია და ერთხელ იმპერატორის თასსაც დაეუფლა (2018 წლის იანვრის ბაშო). უკვე 5 ბაშოა, რაც ქართველი სუმოისტი უარყოფითი ბალანსით ასრულებს ასპარეზობას. 

ჰაკუჰოს პენსიაში გასვლის შემდეგ ბანძუკეში მხოლოდ ერთი დიდი ჩემპიონია - კიუშუს ბაშოზე დიდი ჩემპიონის რანგში ტერუნოფუჯი იჭიდავებს, სწორედ მან მოიგო ბოლო იმპერატორის თასი 13-2 ბალანსით. 

კვლავ ორი ოძეკია: შოდაი და ტაკაკეიშო, სეკივაკე კი ორი დარჩა (ასანოიამა მე-10 მაეგაშირობამდე დაქვეითდა) მიტაკეუმი და მეისეი. იჩინოჯომ შეინარჩუნა კომუსუბის წოდება, ხოლო კირიბაიამამ მიიღო, ტაკაიასუ კი მე-5 მაეგაშირობამდე დაქვეითდა. 

სუმოისტებმა გაიარეს სავალდებულო ტესტირება, კორონავირუსი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. მებრძოლები კლუბებით კიუშუზე 5 ნოემბერს გაემგზავრებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები