Thumbnail

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გუნდის კაპიტნის, ჯორჯო კიელინის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტურინული კლუბისთვის უმჯობესი იქნებოდა, თუკი კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში ცოტა უფრო ადრე გადაბარგდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა იუვენტუსის დატოვება და მანჩესტერში დაბრუნება სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სამიოდე დღით ადრე გადაწყვიტა. კიელინი წუხდა, რომ ამის გამო კლუბი სეზონს მოუმზადებელი შეხვდა.

"ერთი რამ ვიცი - ნათქვამსა და გაკეთებულს ყველა განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს. მიმაჩნია, რომ კიელინიმ დადებით კონტექსტში ისაუბრა რონალდოზე, რომელიც დიდი ფეხბურთელია და ჩემთვის პატივი იყო მასთან მუშაობა.
 
ნორმალურია, რომ 28 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი ადრე, აღარ გაქვთ მისი შეცვლის საშუალება. კლუბმა წარმატებული შენაძენი გააკეთა კინის სახით, რომელიც მნიშვნელოვან გოლებს იტანს და ბედნიერი ვარ, მაგრამ რონალდო რომ ერთი თვით ადრე წასულიყო, სავარაუდოდ, კლუბს სატრანსფერო კამპანიის სხვანაირად წარმართვის შესაძლებლობა ექნებოდა. აქ საკითხი მხოლოდ ბაზარს ეხება, პრობლემები მას არ შეუქმნია.

თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიაროთ და ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩემპიონობაზე ფავორიტად ინტერს მივიჩნევ, მაგრამ მილანი და ნაპოლიც კარგად გამოდიან და წარმატების კარგ შანსს ფლობენ", - ამბობს 54 წლის იტალიელი სპეციალისტი, რომელიც იუვენტუსში ორწლიანი პაუზის შემდეგ, სეზონის წინ დაბრუნდა.

კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში აგვისტოში დაბრუნდა

იტალიის ჩემპიონატში გასული 10 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ნაპოლი და მილანი 28-28 ქულით არიან. მათ 7 ქულით ჩამორჩება ინტერი. მასიმილიანო ალეგრის გუნდი, რომელსაც სეზონის სტარტი არცთუ დამაჯერებელი ჰქონდა 15 ქულით მე-7 პოზიციაზეა. მომავალ მატჩს იუვენტუსი 30 ოქტომბერს, სტუმრად ვერონასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები