Thumbnail

'მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი' - სანაძე პარტიზანთან მატჩისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თავს კარგად ვგრძნობ და ენერგიით სავსე ვარ'
  • ქართველი კალათბურთელი კოვიდის მერე გამოჯანმრთელდა

საქართველოს ნაკრების 29 წლის კალათბურთელი დუდა სანაძე, რომელსაც კორონავირუსის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება და შესაძლოა, მოედანზე ადრიატიკის ლიგის მომდევნო ტურშივე ვიხილოთ. 30 ოქტომბერს დუდას ბორაცს ერთპიროვნულ ლიდერ ბელგრადის პარტიზანთან მატჩი ელის და ეს, ჩაჩაკალებისთვის ნამდვილი გამოცდა იქნება.

მომავალი თამაშის წინ, სერბული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წორედ ქართველ ლეგიონერს ესაუბრა და თავდაპირველად, ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხა.

“არაერთი ანალიზი ჩავაბარე და ახლა, კიდევ ერთი ტესტი დამრჩა გასავლელი, რომლის მერეც დიდი იმედი მაქვს, რომ თამაში შემეძლება. თავს კარგად ვგრძნობ და ენერგიით სავსე ვარ. მინდა, ჩაჩაკელ ქომაგებს მადლობა გადავუხადო. მათგან მხარდაჭერას ყველანი ვგრძნობთ. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც მოედანზე დაბრუნებას შევძლებ და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებ”.

ცხადია, სანაძეს მომავალი მეტოქის შესახებაც ჰკითხეს, რომელიც მიმდინარე სეზონის წინ ძალიან გაძლიერდა და მწვრთნელიც სახელოვანი ჰყავთ – ყველასათვის კარგად ნაცნობი ჟელკო ობრადოვიჩი. მიუხადავად ამისა, ქართველი კალათბურთელი თვლის, რომ მათთან ღირსეულად თამაში შეიძლება.

“ვფიქრობ, ჩვენც საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს და თუკი ჯანმრთელად ვიქნებით, ყველასთან მოგება შეგვიძლია. ველი, რომ ბორაცი დიდი ენთუზიაზმით ითამაშებს და ყველა ეპიზოდში დიდი ბრძოლა იქნება. პარტიზანი ნამდვილად დიდი სახელებით არის დაკომპლექტებული, თუმცა, მატჩი 40 წუთს გრძელდება და ხუთი ხუთზე ვიქნებით, ამდენად, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისე, წინა სეზონში მათ 2-ჯერ მოვუგეთ, თუმცა კი, სულ სხვა შემადგენლობა ჰყავდათ”.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში ბორაცის მიზნებზე და მის სერბულ შთაბეჭდილებებზეც ისაუბრა:

“მთავარი მიზანი ადრიატიკის ლიგის პლეი-ოფში გასვლაა, ამისთვის კი მოწინავე ექვს კლუბს შორის უნდა მოვხვდეთ. პირადად კი იმაზე ვფიქრობ, რომ მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე და თანაგუნდელებს დავეხმარო. სერბეთში ძალიან მომწონს. საქართველოს ძალიან ჰგავს, ამდენად, თავს ისე ვგრძნობ, როგორც - სახლში. ცხადია, პირველ რიგში ბორაცს ვგულშემატკივრობ, მერე კი იმ კლუბებს, სადაც სხვა ქართველი ლეგიონერები თამაშობენ”.

შეგახსენებთ, რომ სანაძე ბორაცში გასულ სეზონში ჩაირიცხა და ადრიატიკის ლიგის 8 მატჩში შემდეგი საშუალო მაჩვენებლები ჰქონდა: 21.5 წუთი, 11.3 ქულა, 1.1 მოხსნა, 1.8 პასი. დუდამ საუკეთესო თამაში ბოსნიური იგოკეასთან ჩაატარა, როდესაც 24 ქულა მოაგროვა. ადრიატიკის ლიგის მიმდინარე სეზონში სანაძეს არ უთამაშია. ამ დროისთვის, ბორაცს 2 მოგება და 3 მარცხი აქვს და მე-10 ადგილზეა, პარტიზანს (ხუთივე მოგება) კი, მომავალ შაბათს შინ დაუხვდება.

სანაძის დაბრუნება კარგი ამბავი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც მომავალ თვეში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის. შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის შეგირდები წილისყრის შედეგად G ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ესპანეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია ეყოლებათ. ნოემბერში ქართველ კალათბურთელებს 2 მატჩი ელით: 26-ში უკრაინას უმასპინძლებენ, ხოლო 29-ში სტუმრად ესპანეთს ეთამაშებიან. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გადის.

კომენტარები

ბოლო ამბები