Thumbnail

დინამო ბათუმმა ლოკო დაამარცხა და საქართველოს თასის ნახევარფინალშია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

დინამო ბათუმი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალშია! გია გეგუჩაძის გუნდმა 1/4-ფინალური ეტაპის ცენტრალურ დაპირისპირდება თბილისის ლოკომოტივს დამაჯერებლად, 3:1 მოუგო და ორი ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

შეხვედრა ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი სახიფათო მომენტიც მათ შექმნეს, მაგრამ ლოკომოტივის მეკარემ, რევაზ თევდორაძემ ზედიზედ ორი სეივი შეასრულა და თავისი გუნდი გადაარჩინა. თუმცა, მე-15 წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა: ლოკოს დაცვა ჩავარდა, რის შედეგადაც, სანდრო ალთუნაშვილმა ჯაბა ჯიღაური კიპერთან პირისპირ დატოვა, ამ უკანასკნელს კი გატანა არ გაუჭირდა. 5 წუთში გია გეგუჩაძის გუნდმა კიდევ ერთი კარგი იერიში განახორციელა, თბილისელთა დაცვამ კი ისევ არადამაჯერებლად ითამაშა - ასისტენტი ამჯერადაც ალთუნაშვილი იყო, შეტევა კი გოლით გიორგი ფანცულაიამ დაასრულა.

ორბურთიანი უპირატესობის შემდეგ, დინამო ბათუმი თითქოს მოდუნდა, რითაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ისარგებლა. 34-ე წუთზე ოლეკსანდრ აზაცკიმ შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც თორნიკე კირკიტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, ზუსტად დაარტყა და ერთი ბურთი გაქვითა - 1:2. თამაში დაიძაბა, ლოკოს გათანაბრება პირველივე ტაიმში შეეძლო: გოლიდან ერთ წუთში კირკიტაძე ისევ კარგ პოზიციაში, პრაქტიკულად ერთი-ერთზე იყო მეკარესთან, მაგრამ ამჯერზე ლაზარე კუპატაძემ აჯობა, ხოლო 37-ე წუთზე ბათუმელთა მეკარემ ირაკლი სიხარულიძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთიც მოიგერია.

ჯიღაურმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა

შეხვედრის მე-2 ტაიმი კვლავ ბათუმელთა უპირატესობით დაიწყო და 54-ე წუთზე ორბურთიანი სტატუს ქვო აღდგა. ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ტექნიკურად დაარტყა და ეფექტური გოლით სხვაობა გაზარდა. ზოგადად, მეორე ნახევარში დინამო ბათუმი საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, თამაშს სრულად აკონტროლებდა და მეტოქისთვის შანსი პრაქტიკულად არ მიუცია.

ამგვარად, ბათუმელებმა 3:1 მოიგეს და საქართველოს თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დინამო ბათუმი პარალელურად ჩემპიონატშიც ლიდერობს, გამოდის, რომ რეალური შანსი აქვს, სეზონი დუბლით დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის ნახევარფინალში დინამო ბათუმის გარდა, თბილისის საბურთალო, წყალტუბოს სამგურალი და ქობულეთის შუქურა ითამაშებენ, გუნდები წილისყრის შედეგად დაწყვილდებიან.

ლოკომოტივი 1:3 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ჯიღაური (15), 0:2 ფანცულაია (20), 1:2 კირკიტაძე (35), 1:3 მამუჩაშვილი (54)

ლოკომოტივი (4-2-3-1): თევდორაძე - გაბაძე, ვადი, სანდოხაძე, უბილავა (76. ქველაძე) - შონია (76. ანდრონიკაშვილი), დარცმელია (69. დიასამიძე) - კირკიტაძე (69. იაკობიძე), სამურკასოვი (63. გავაშელიშვილი), იმრანი - სიხარულიძე

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი - მამუჩაშვილი (60. გაფრინდაშვილი), ტეიდი - ჯიღაური (86. ზარია), ალთუნაშვილი (70. მანჯგალაძე), ჯოვინო - ფანცულაია (86. შინდაგორიძე)

კომენტარები

ბოლო ამბები