Thumbnail

'თუ ასე იქნება, სოლიდური სათამაშო დრო მიეცემა' - SB Nation საბა გიგიბერიაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'თავიდანვე უნდა იყოს იმ ფიზიკურ ფორმაში, რომელიც ლიგის ტოპ-დონისთვის არის საჭირო'
  • 19 წლის ქართველ ცენტრს NCAA-ში დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანი სეზონი ელის

19 წლის ქართველი კალათბურთელი საბა გიგიბერია კოლეჯების ლიგაში (NCAA) მე-2 სეზონისთვის ემზადება და ყველანაირი გათვლებით, გაცილებით დიდი როლი უნდა ჰქონდეს, ვიდრე – სადებიუტო წელს. ამავე აზრზეა ამერიკული SB Nation, რომელმაც “ყვითელი ჟაკეტების” (Yellow Jackets) შანსები შეაფასა და დაწერა, რომ ახალ სეზონში ქართველი ცენტრის (სიმაღლე 2.16 მ.) პროგრესსაც უნდა ველოდეთ.

“საბას ჯორჯია ტექში გამოჩენას დიდ მოლოდინებს უკავშირებდნენ. ის უკვე საკმაოდ რეიტინგული მაღალი იყო შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებით, რომელსაც ნამდვილად გააჩნდა შეტევითი უნარები, მათ შორის, შორეული ტყორცნა, რომლის დახვეწაზე მუშაობა შეიძლებოდა. სხვა საქმეა, რომ მას უჭირდა სათამაშო რიტმში ჩაჯდომა, რაც გასულმა სეზონმაც გამოაჩინა. მართალია, მას ძალიან მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა, იმ წუთებშიც თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. ერთადერთ მატჩში (დელავერ სტეიტთან), როდესაც შედარებით დიდი დრო – 10 წუთი დაეთმო, მან 6 სროლიდან მხოლოდ 1 გამოიყენა.

საბა გიგიბერია კოლეჯების ლიგაში ახალი სეზონისთვის ემზადება

თუმცა, ეს მხოლოდ გიგიბერიას პრობლემა არ ყოფილა. საერთო ჯამში, სეზონი ყველა პირველკურსელისთვის რთული გამოდგა, რადგანაც კოვიდ-პანდემიამ პრაქტიკის მიღება თითქმის შეუძლებელი გახადა. კალათბურთელებისთვის, რომელთაც მოედანზე თავის დამკვიდრება სჭირდებოდათ, ამან ძალიან მტკივნეულად იმოქმედა. აი, მომავალი სეზონის წინ კი, გუნდში სრულფასოვანმა მუშაობამ სერიოზული შედეგი უნდა გამოიღოს. საბა თავიდანვე უნდა იყოს იმ ფიზიკურ ფორმაში, რომელიც კოლეჯების ლიგის ტოპ-დონისთვის არის საჭირო. თუკი ეს მართლაც ასე იქნა, მას სოლიდური სათამაშო დრო მიეცემა, რაც ჯორჯია ტექისთვისაც დიდი ბონუსი უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ გიგიბერია, რომელიც 20 წლის 4 დეკემბერს ხდება, ორი წლის განმავლობაში პროლიფიკ პრეპ აკადემიის უმაღლესი სკოლის გუნდში თამაშობდა, ჯორჯია ტექში კი გასული სეზონის წინ გადაბარგდა. სხვა საქმეა, რომ გუნდში, რომელმაც ატლანტიკის სანაპიროს კონფერენციის (ACC) ჩემპიონშიპი მოიგო, მინინალური როლი ჰქონდა: სულ 9 მატჩი ითამაშა (საშუალოდ 3.7 წუთი) და 1.0 ქულას, 1.6 მოხსნას და 0.2 პასს აკეთებდა.

📺 გიგიბერიას სამქულიანი კლემსონ ტაიგერსთან

კომენტარები

ბოლო ამბები