Thumbnail

ბარსელონას დროებითი მწვრთნელი ჰყავს - ის გუნდს კარგად იცნობს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონას დროებითი მწვრთნელი ჰყავს - სერხი ბარხუანი. როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 49 წლის სპეციალისტი გუნდს მანამ უხელმძღვანელებს, სანამ რონალდ კუმანის შემცვლელის ვინაობა გაირკვევა.

ბარხუანი ბარსელონას ლა ლიგის უახლოეს ტურში ალავესთან მატჩზე გაიყვანს. რეალურად, ის ბარსა B-ს მთავარი მწვრთნელია, იქამდე კი უელვაში, ალმერიასა და მალიორკაში უმუშავია. ბარხუანი 90-იან წლებში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო და 1993-2002 წლებში სწორედ ბარსელონაში თამაშობდა, ესპანეთის ნაკრებში კი 56 მატჩი აქვს ჩატარებული.

როგორც ესპანური მედია წერს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ბარსას სულ მალე ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს. ლეგენდარული ესპანელი თანახმაა მშობლიურ კლუბში დაბრუნდეს და ვარაუდობენ, რომ ის გუნდს პირველად სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე, კიევის დინამოსთან მატჩში უხელმძღვანელებს. თუმცა, სანამ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, როგორც ვთქვით, მანამდე, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას სერხი ბარხუანი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანი რაიო ვალეკანოსთან მარცხის შემდეგ დაითხოვეს. ნიდერლანდელს სეზონის საშინელი სტარტი ძვირად დაუჯდა. ბარსა ლა ლიგაში 15 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზეც კრიტიკული მდგომარეობა აქვს - 3 ტურში 3 ქულა. კუმანი ესპანურ გრანდს 2020 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები