Thumbnail

ლიპარტელიანი ბრუნდება? ვარლამი საკლუბო ჩემპიონატზე დარეგისტრირდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, შესაძლოა, კარიერა განაახლოს
  • ვარლამ ლიპარტელიანმა წასვლის შესახებ განცხადება ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ გააკეთა

32 წლის ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, შესაძლოა, აქტიურ სპორტს დაუბრუნდეს. ის ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ჩემპიონთა ლიგაში დარეგისტრირდა, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ტატამიზე გასვლას კვლავ აპირებს.

აღნიშნულ ტურნირს 11 დეკემბერს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს და საქართველოს ღირსებას კლუბი მებრძოლი დაიცავს, რომლის შემადგენლობაშიც ლიპარტელიანიც იმყოფება, ოღონდ, არა მისთვის ჩვეულ 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში, არამედ – მძიმე წონაში (+100 კგ.).

მებრძოლის განაცხადი საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის გარდა, იქ მოხვდნენ ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.), ფრიდონ გიგანი (73 კგ.), ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81 კგ.), ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ.), ლაშა ბექაური (100 კგ.) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ.).

შეამჩნევდით, რომ შემადგენლობაში ფიგურირებს ოლიმპიური ჩემპიონი ბექაურიც და თანაც, მისთვის უჩვეულო 100 კგ-მდე წონაში, თუმცა, მოგეხსენებათ, ლაშამ ოპერაცია გაიკეთა და სავარაუდოა, რომ საკლუბო ჩემპიონატამდე მომჯობინებას ვერ მოასწრებს.

ვარლამ ლიპარტელიანმა ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში იაპონელ აარონ ვოლფთან წააგო

ცნობისთვის, შარშან ტურნირი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარებულა, 2019 წელს კი ჩემპიონთა ლიგაში საქართველოს სახელით გოლდენ გორმა იასპარეზა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა. მაშინ გუნდის ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+90 კგ.) იცავდნენ. გოლდენ გორმა პირველივე წრეში მომავალ ჩემპიონ სპორტინგთან (პორტუგალია) წააგო, რომლის ღირსებასაც ნიკოლოზ შერაზადიშვილი იცავდა, რეპეშაჟში კი ფრანგულ კლუბებს – ფლამსა და ბლან-მესნილს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელინმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ გააკეთა, სადაც ის უმედლოდ დარჩა. “დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ რომ ყველაფერი გითხრათ ყველას”, - წერდა მაშინ ქართველი ძიუდოისტი.

ვარლამ ლიპარტელიანი სამგზის ევროპის ჩემპიონია (2012, 2014, 2016), 6-ჯერ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა (2009, 2010, 2013, 2015, 2019, 2021), ერთხელ ბრინჯაო მოიპოვა (2011), მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის (2013, 2017, 2018) და ბრინჯაოს მედალს (2014, 2015, 2021) სამ-სამჯერ დაეუფლა, ორჯერ გახდა ევროპული თამაშების გამარჯვებული (2015, 2019), ხოლო 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, სამჯერ მოიგო მასტერსი, ხუთჯერ გრანდ სლემი და ხუთჯერ გრან პრი.

კომენტარები

ბოლო ამბები