Thumbnail
  • გორი 1:2 (დ.დ.) სამგურალი
  • გაგრა 1:2 შუქურა
  • გარეჯი 1:2 საბურთალო

საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა და სამი ნახევარფინალისტი გამოვლინდა. თასისთვის ბრძოლას წყალტუბოს სამგურალი, თბილისის საბურთალო და ქობულეთის შუქურა აგრძელებენ.

საბურთალომ ქვედალიგელ გარეჯთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და ბოლოსწინა წუთზე გატანილი გოლით მოიგო. ხვიჩა შუბითიძის გუნდი 21-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილის გოლით დაწინაურდა, მაგრამ 10 წუთში ფრანსისკო ბრავომ წონასწორობა აღადგინა. მატჩი დამატებით დროს უახლოვდებოდა, როდესაც თბილისლებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს, რომელიც იური ტაბატაძის ანგარიშზეა და საბურთალომ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

საბურთალომ ტაბატაძის და ნონიკაშვილის გოლებით მოიგო

თასის გათამაშებას გამოეთიშა მოქმედი გამარჯვებული გაგრა, რომელიც საკუთარ მოედანზე ქობულეთის შუქურასთან დამარცხდა. არადა, გაგა კირკიტაძის გუნდი 54-ე წუთზე ოთარ ფარულავას გოლით დაწინაურდა და ნახევარფინალს უახლოვდებოდა, მაგრამ ქობულეთელებმა ლევან ინგოროყვასა და ჟუნინიო კაბრალის გოლებით თამაშის შეტრიალება ძირითად დროშივე მოახერხეს.

წყალტუბოს სამგურალმა დამატებით დროში დაამარცხა საფეხბურთო კლუბი გორი. სოსო ფრუიძის გუნდი გიორგი ბუხაიძის გოლით სწრაფადვე დაწინაურდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს პაპუნა ფონიავა გააძევეს და იმერლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ამით გორმა კარგად ისარგებლა და ნოდარ ბარამიძემ ანგარიში გაათანაბრა. ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა და გუნდებს დამატებით დროში 30 წუთის თამაში მოუწიათ, რომლის მეხუთე წუთზე მოედანზე ფეხბურთელთა რაოდენობა გათანაბრდა, რადგან მასპინძლებს ბექა მუმლაძე გაუძევეს. 6 წუთში კი ილია ახვლედიანმა სამგურალი წინ გაიყვანა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს თასის ბოლო 1/4-ფინალურ შეხვედრაში თბილისის ლოკომოტივი და დინამო ბათუმი დაუპირისპირდებიან, რის შედეგადაც, ნახევარფინალური ეტაპი სრულად დაკომპლექტდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებიდან 1/16 ფინალში, ქობულეთის შუქურასთან მარცხით (0:1) გავარდა.

გარეჯი 1:2 საბურთალო

გოლები: 0:1 ნონიკაშვილი (21), 1:1 ბრავო (31), 1:2 ტაბატაძე (89)

გაგრა 1:2 შუქურა

გოლები: 1:0 ფარულავა (54), 1:1 ინგოროყვა (72), 1:2 კაბრალი (83)

გორი 1:2 სამგურალი

გოლები: 0:1 ბუხაიძე (19), 1:1 ბარამიძე (68), 1:2 ახვლედიანი (101)

კომენტარები

ბოლო ამბები