Thumbnail

ჰასან სალიჰამიჯიჩს და თომას მიულერს ერთად არასდროს უთამაშიათ, მაგრამ გლადბახთან განადგურების (0:5 გერმანიის თასზე) თავიანთი ეპოქების ბაიერნზე ერთნაირი კომენტარები გააკეთეს. უშუალოდ საფინალო სასტვენის შემდეგ მიუნხენური გრანდის არცერთმა ფეხბურთელმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება - მხოლოდ სალიჰამიჯიჩი მივიდა მიკროფონთან, მოგვიანებით კი კომენტარი თომას მიულერმაც გააკეთა. 

“იმ წლებში, როცა მეც ვთამაშობდი, ბაიერნს ასეთი ცუდი მატჩი, ან ასეთთან მიახლოებული არასდროს ჩაუტარებია,” - აღნიშნა სალიჰამიჯიჩმა.

“ასეთი სიტუაცია მეც არ გამომიცდია. ამგვარი კოლექტიური ჩავარდნა ასეთ მნიშვნელოვან მატჩში არასდროს გვქონია. ეს საშინელებაა!” - თქვა მიულერმა, რომელიც 13 წელია, ბაიერნის ფეხბურთელია.

რეკორდმაისტერმა არსებობის ისტორიაში გერმანიის თასზე ასეთი დიდი სხვაობით პირველად წააგო, ყველა ტურნირზე კი, ამაზე დიდი სხვაობით ბოლოს 1978 წელს დამარცხდა.

“შოკირებული ვარ”, - ესეც სალიჰამიჯიჩის სიტყვებია, - “აუხსნელი განადგურებაა. გასაგებია, რომ ერნანდესის ამბავმა (ციხეს გადაურჩა) და კიმიხის აუცრელობის დისკუსიებმა ყველა შეგვაწუხა, მაგრამ ეს ამბები ხომ წინა მატჩებშიც გვაწუხებდა?”

სალიჰამიჯიჩმა ისიც თქვა, რომ მომხდარი არ არის დინო ტოპმიოლერის ბრალი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ იულიან ნაგელსმანს ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცვლიდა. “ბრაცოს” თქმით, ტოპმიოლერმა სწორედ ნაგელსმანთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად საშინელი პირველი ტაიმისა, შესვენებისას არც რომელიმე ფეხბურთელი შეეცვალა და არც ტაქტიკა.

'ამ დღეებში ბევრი კრიტიკის და დაცინვის ატანა მოგვიწევს'

“არავინ და არაფერი შევცვალეთ, რადგან სისტემაში კი არ იყო პრობლემა, არამედ შავი დღე გვქონდა, - განაცხადა კლაუს ტოპმიოლერის შვილმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, - მომდევნო 1-2 დღე ურთულესი იქნება, ბევრი კრიტიკისა და დაცინვის ატანა მოგვიწევს.”

იულიან ნაგელსმანის არყოფნაში მას ასისტენტი დინო ტოპმიოლერი ცვლის

მიულერს კი კიდევ ერთი საინტერესო წინადადება ჰქონდა: “ვერ მივაგენით იმ წერტილს, საიდანაც ბაიერნის მოტორი იქოქება ხოლმე. თუ მანუ ნოიერს არ ჩავთვლით, ყველა ფეხბურთელმა კატასტროფულად ითამაშა. დღეს ყველამ უნდა მიიღოს ნებისმიერი კრიტიკა, სწორად არავის არაფერი გაუკეთებია.”

ბაიერნისთვის დღეს კარგი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ ლეონ გორეტცკას ტრავმა (მეორე ტაიმში შესაცვლელი გახდა) სერიოზული არ აღმოჩნდა.

რეკორდმაისტერს გლადბახთან 0:5-ის გამო ფანებისთვის ბოდიშის მოხდის შანსი შაბათს, ბერლინის უნიონთან თამაშში მიეცემა...

კომენტარები

ბოლო ამბები