Thumbnail
  • არგენტინელი კალათბურთელის ქმედებას ესპანეთში მძიმე გამოხმაურება მოჰყვა
  • სწორედ ფაკუნდოსთან შეჯახების შემდეგ, თოკოს დაახლოებით 3 თვე გაუცდა

დენვერ ნაგეთსისა და კლივლენდ კავალიერსის მატჩში მომხდარმა ინციდენტმა, რომლის მთავარი გმირებიც არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო და ესპანელი რიკი რუბიო იყვნენ, ესპანურ პრესაში დიდი პოლემიკა გამოიწვია და მათ შორის, თორნიკე შენგელიაც ახსენეს.

თამაში კავალიერსმა 99:87 მოიგო, აღნიშნული კალათბურთელები კი ერთმანეთს მე-3 მეოთხედის მიწურულს წაეკიდნენ. მიზეზი სამხრეთამერიკელის მორიგი ბინძური თამაში გახდა: ის რიკისთვის დაფარებას ცდილობდა, როდესაც ფეხი მუხლში მიარტყა, ეს კი, ნებისმიერი სპორტსმენისთვის ძალიან საშიშია. არგენტინელი მცველი იმითაა ცნობილი, რომ მუდამ ბოლომდე იბრძვის, რაც ხშირად ზედმეტ სიხისტეში გადადის, ზოგჯერ კი, ამას მიზანმიმართულადაც აკეთებს.


სწორედ ეს დასკვნა გამოიტანა მადრიდულმა MARCA-მ, რომელმაც მაგალითისთვის ძველი ეპიზოდი მოიყვანა ფაკუნდოსა და შენგელიას მონაწილეობით. საუბარია ჯერ კიდევ 2018 წლის მიწურულს გამართულ შეხვედრაზე, როდესაც ქართველი ფორვარდის ბასკონია მადრიდის რეალს მასპინძლობდა. მატჩის მე-2 ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც თოკო შეტევაში წავიდა, კამპაცო კი მას დაახლოებით მოედნის ცენტრთან დაუხვდა და თითქოს ბურთის წართმევას ცდილობდა, თუმცა კი, მეტოქეს მუხლი დაუზიანა.

თორნიკე შენგელიას ფაკუნდო კამპაცოსთან  შეჯახება ძვირად დაუჯდა

“იმ მატჩში შენგელიამ მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და დაახლოებით 3 თვე უქმად იყო. თუ როგორი გაბრაზებული იყო თოკო აღნიშნულ მომენტში ყველას კარგად გვახსოვს. ცხადია, მაშინ ბევრი რამ დაიწერა, თუმცა, ნამდვილად გაჩნდა აზრი, რომ ყველაფერი შეგნებულად იყო გაკეთებული. ასეთი ქმედებები გვავიწყებს ხოლმე იმ ფაქტს, კამპაცო რამდენად კარგი კალათბურთელია”, - დაწერა MARCA-მ.

რუბიო ამჯერად იოლად გადარჩა და თამაშის გაგრძელება მოახერხა, შენგელიას კი, როგორც ზემოთაა აღნიშნული, არგენტინელის უხეშობა ძვირად დაუჯდა. თოკომ რეალთან 2018 წლის 30 დეკემბერს ითამაშა, მოედანზე კი 31 მარტს ესტუდიანტესთან მატჩში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ შენგელია ამჟამად უკვე მოსკოვის ცსკა-ს მოთამაშეა, თუმცა, ამჯერად უკვე მხარი აწუხებს და ისევ ვერ თამაშობს.

კომენტარები

ბოლო ამბები