Thumbnail

'ეს ფაქტიურად რუსეთის ნაკრებია' - ლევან მაისაშვილი ენისეიზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 📅 30 ოქტომბერი | ⌚ 13:00 | 🏉 ენისეი V შავი ლომი | 📺 რაგბი TV
  • ქართული ფრენჩაიზი ჯგუფის ლიდერთან მატჩისთვის ემზადება

პენზაში ლოკომოტივთან გამარჯვების შემდეგ შინ დაბრუნებული შავი ლომი შევარდენის სანაკრებო ბაზაზე დაბანაკდა და რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე მატჩისთვის მზადებას შეუდგა, რომელშიც მეტოქედ კიდევ ერთი რუსული კლუბი კრასნოიარსკის ენისეი ეყოლება. აღმოსავლეთ კონფერენციის ერთპიროვნულ ლიდერთან თამაში სოჭში, 30 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

შავი ლომი ახალ ტურნირში 10 დღის წინ ჩაერთო და ჯერ ავჭალაზე თელ ავივი ჰითი დაამარცხა ბონუსით (33:10), მერე კი პენზაში ლოკომოტივს 27:11 სძლია და 10 ქულით მეორე ადგილზეა. თავის მხრივ, ენისეიმ სუპერთასის სასტარტო მატჩებში ლოკომოტოვს 2-ჯერ აჯობა (22:6 და 44:21), გასულ შაბათს კი ჰითს მოსკოვში უმასპინძლა და 31:34 წააგო. ვინაიდან ამ თამაშში ენისეიმ სანუგეშო ქულა აიღო, ჯამში 11 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციას ინარჩუნებს.

ლოკომოტივთან განვლილი შეხვედრის შედეგით კმაყოფილი დარჩა შავი ლომის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მის კომენტარს საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდი ავრცელებს:

ლევან მაისაშვილი ლოკომოტივთან თამაშით კმაყოფილი დარჩა
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

“კმაყოფილი ვარ, რადგანაც სტუმრად დაგეგმილი გამარჯვება მოივიპოვეთ და 5 ქულა ავიღეთ. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, გვქონდა პრობლემები, რაც ძირითადად ორი მიზეზითაა გამოწვეული: პირველი ეს არის ქარი და მძიმე მოედანი, რომელმაც თამაშს თავისი ხელი დაატყო და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებები. არბიტრზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ რეალურად წნეხის ქვეშ მოგვაქცია. აქ პოზიტივი ისაა, რომ მოთამაშეები ასეთ პირობებში თამაშსაც უნდა მიეჩვიონ. ჩვენი მოთამაშეების ნაწილს დებიუტი ქონდა საერთაშორისო არენაზე და ამ კუთხითაც კარგი პრაქტიკა გავიარეთ. გვქონდა ვიდეო-ანალიზი და იმედს ვიტოვებ, რომ ეს შეცდომები მომავალი მატჩისთვის დაფიქსირებული გვექნება“.

ლოკომოტივ-პენზასთან გამარჯვების შემდეგ, გუნდი შინ დაბრუნდა, კვირას დაისვენა, ორშაბათი აღდგენას დაეთმო, გუშინ და დღეს კი სრულფასოვანი ვარჯიშები ჩატარდა. ხუთშაბათს ბიჭებს კვლავ დასვენების დღე ექნებათ, პარასკევს კი სოჭში მიემგზავრებიან.

“ენისეი როგორც შემადგენლობით, ასევე თამაშის სტილით, ფაქტიურად რუსეთის ნაკრებია, გაძლიერებული სამხრეთაფრიკელი მოთამაშეებით. ამ გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილება აქვს, თავდაჯერებული და შეთამაშებულია. სოჭში იოლი გასეირნება არ გველის. 9 და 10 ნომერი ფეხით კარგად თამაშობენ, რაც ახალი წესების გათვალისწინებით ყურადსაღებია. ვეცდებით მაქსიმალურად შევზღუდოთ მეტოქე, მათ თავს ჩვენი თამაში მოვახვიოთ და გავიმარჯვოთ“ – ამბობს მაისაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები