Thumbnail
  • Forbes-ის სტატია იმის თაობაზე, უნდა შეინარჩუნოს თუ არა პეისერსმა ქართველი ცენტრი
  • ინდიანას გადაწყვეტილების მიღება 1 ნოემბრამდე მოუწევს და გუნდში ბევრს ფიქრობენ

ინდიანა პეისერსმა უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა თანამშრომლობას 22 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძესთან. დედლაინის ვადა 1 ნოემბერია. პეისერსს სწორედ ამ დრომდე მოუწევს შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა და თუკი საკითხი გოგას სასიკეთოდ გადაწყდა, ის 2022-23 წლების სეზონში 4.8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამ თემას ვრცელი პულბიკაცია მიუძღვნა Forbes-მა და ინდიანას ქართველი კალათბურთელის შენარჩუნება ურჩია.

“ინდიანა NBA-ს ახალ სეზონში სრული დატვირთვით ჩაერთო, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ გუნდის აწყობა საბოლოოდ დაასრულეს. პეისერსში 2021-22 წლების სეზონის წინ, თითქოს, კონტრაქტი ყველა სასურველ ვეტერანს გაუგრძელეს, ზედმეტი მოთამაშეები კი დაითხოვეს, თუმცა, გუნდს მაინც დარჩა გადასადგმელი ერთი ნაბიჯი, რომლის მერეც უკვე სრულად მიმდინარე პროცესებზე კონცენტრირდება.

გოგა ბითაძემ ამ სეზონში მხოლოდ მილუოკისთან ითამაშა

1 ნოემბერი – მაქსიმალური ვადაა იმისთვის, რომ ინდიანამ გადაწყვეტილება მიიღოს იმ კალათბურთელების თაობაზე, რომელთაც ჯერაც ახალბედას კონტრაქტი გააჩნიათ. პეისერსს ერთი მოთამაშე ჰყავს, რომელსაც ეს პუნქტი ეხება: მესამეწლიანი ცენტრი გოგა ბითაძე. მომავალი ორშაბათისთვის ინდიანას ფრონტ-ოფისმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ბითაძესთან თანამშრომლობის გაგრძელება 2022-23 წლების სეზონისთვისაც, იმ პირობით, რომ მას უკვე 4.8 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი ნამდვილად არ იქნება, რადგანაც კლუბს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს.

შეიძლება ითქვას, რომ გოგას შემთხვევა განსაკუთრებულია. მას მერე, რაც პეისერსმა 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია, ის მუდმივ პროგრესს განიცდის და უნარებიც მეტიც შეიძინა. თუმცა, ინდიანას კიდევ ჰყავს 2 ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელთაც ცენტრის პოზიციაზე თამაში ასევე შეუძლიათ – მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი. ამდენად, მისი სიმაღლის მიუხედავად, გოგას სათამაშო დროის მიღება უჭირს. ამ დროისთვის, ბითაძეს მისი დრაფტის წევრებს შორის წუთების მიხედვით მხოლოდ 33-ე ადგილი უკავია და დიდი შანსია, ეს ტენდენცია ამ სეზონშიც გაგრძელდეს, რადგანაც მისი 2 კონკურენტიც ისევ ინდიანაში რჩება.

“ამ პოზიციაზე ჩვენ 4 კარგი ახალგაზრდა კალათბურთელი გვყავს. ყველაზე უფროსები – დომასი და მაილსი მხოლოდ 25 წლის არიან”, - ეს სიტყვები ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა რიკ კარლაილმა სეზონის წინ თქვა, როდესაც ცენტრის პოზიციაზე როტაციის შესახებ ჰკითხეს. მე-4 მოთამაშეში მან აიზია ჯეკსონი იგულისხმა, რომელიც კლუბმა გასულ დრაფტზე აიყვანა. “აიზია მხოლოდ 19 წლისაა, გოგა – 22-ის... ამ მხრივ დიდი ფუფუნება გაგვაჩნია. ძალიან ღრმა შემადგენლობა გვყავს და თანაც, ვიცით, რომ მაღალ დონეზე თამაშისთვის ყველანი მზად არიან”.

ასეთი შემადგენლობა ნამდვილად კარგია, თუმცა, ეს, ასევე ნიშნავს, რომ რომელიღაც კალათბურთელს ნაკლები დატვირთვა მოუწევს ანაც შესაძლოა, კონკრეტულ მატჩში საერთოდაც ვერ ითამაშოს. მაგალითად, სეზონის ოთხმა სასტარტო მატჩმა მკაფიო ტენდენცია მოგვცა ბითაძის სათამაშო წუთებზე. საბონისმა და ტერნერმა ფაქტობრივად სრულად შეჭამეს მთელი დრო, ჯეკსონმა კი მცირე წუთები მიიღო ინდიანას მე-3 მატჩში. მე-4 შეხვედრაში გოგამ შანსი ლიდერების ფოლებით დატვირთვის გამო მიიღო და მისი გამოყენება მოახერხა.

ერთი შეხედვით, აღნიშნულ როტაციაში გასაკვირიც არაფერია. როგორც ტერნერი, ასევე საბონისი ცენტრის პოზიციაზე ტალანტებად მიიჩნევიან, ჯეკსონს კი უნიკალური შესაძლებლობები გააჩნია, რითაც ყურადღებას იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. შესაბამისად, გამოდის, რომ მინიმალური სივრცე რჩება გოგა ბითაძისთვის, რომელიც შანსს ძირითადად მაშინ უნდა ელოდეს, როდესაც პეისერსს ტრავმიანობა შეაწუხებს.

ცხადია, ეს სიტუაცია გოგასთვის იდეალური ნამდვილად არაა. აღნიშნული წნეხის გამო, თავის გამოჩენა იმ შემთხვევებშიც კი რთულდება, როდესაც ნდობას გიცხადებენ. “ტყუილს ვერ ვიტყვი. ნამდვილად ძნელია, როდესაც მატჩის მიმდინარეობისას არ იცი, მოედანზე გასვლა საერთოდ მოგიწევს თუ – არა. უბრალოდ, სხვა გზა არ არის. საჭიროა, პროფესიონალიზმი შევინარჩუნო. ასეთია NBA, მაშინ უნდა გიმარჯვო, როდესაც შანსს იღებ. უბრალოდ, ყოველთვის მზად უნდა იყო”, - განაცხადა მან სეზონის წინ.

თუკი ამ გადასახედიდან შევხედავთ, 4.8 მილიონის გადახდა უბრალოდ მაღალი ბიჭისთვის, რომელიც ღრმა სათადარიგო უნდა იყოს მცირე სათამაშო დროით, გაუმართლებელი სჩანს. პეისერსს შეუძლია მრავლად მოიძიოს სათადარიგო ცენტრები, გოგაზე გაცილებით ახალგაზრდებიც კი, რომელთაც მინიმალურ ანაზღაურებას მისცემს და მომავლისთვის მოამზადებს. სხვა საკითხია, რომ არის კი ბითაძეს ის კალათბურთელი, რომელსაც უბრალოდ ისე უნდა ვუყურებდეთ, როგორც რიგით მე-2 პლანის მოთამაშეს?

პირველ რიგში – გოგა უკეთესია ვიდრე ტიპური სარეზერვო მოთამაშე. მას გაცილებით მეტი უნარები გააჩნია, ვიდრე სხვა დიდ ბიჭებს, რომლებიც ლიგაში უმცირესი დროით კმაყოფილდებიან და მეტის ამბიციაც არ აქვთ. პირველ რიგში, ეს დაცვაზე უნდა ვთქვათ. გასულ სეზონში დაფარებებში ბითაძეს პროცენტული მაჩვენებელი 8.7% იყო. შედარებისთვის, ეს მთელს ლიგაში მე-2 შედეგი იყო იმ კალათბურთელთა შორის, რომელთაც სეზონში 500 წუთზე მეტი ითამაშეს. ამასთან, გოგასთან ერთად მოთამაშე ინდიანასთან მეტოქეების შეტევების მხოლოდ 58.23% სრულდებოდა ზუსტად. შედარებისთვის, როდესაც გოგა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ეს მაჩვენებელი 61.98%-მდე ადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგას კვლავაც შერჩა პერსონალურ ფოლებთან დაკავშირებული პრობლემა, ერთმნიშვნელოვნად შეიძლებაა ითქვას, რომ კარიერის სტარტზევე გუნდისთვის ძალიან საჭირო კალათბურთელია, რომელსაც მოედანზე ბევრის რამის კეთება შეუძლია.

ქართველი ცენტრი იანის ანტეტოკუნმპოს შეჩერებას ცდილობს

“თუკი საშუალოდ წუთის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ბლოკ-შოტების რაოდენობას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა”, - განაცხადა სეზონის წინ ინდიანა პეისერსის პრეზიდენტმა კევინ პრიტჩარდმა. “ჩვენ ფარის საიმედო მცველები ძალიან გვჭირდება, ამდენად, მომავალ სეზონში მისი ნამდვილად გვეიმედება”.

პრიტჩარდმა ისიც თქვა, რომ გოგას ჯერაც ბევრი სამუშაო აქვს შეტევით უნარებზე. ამ მხრივ, ახალგაზრდა ცენტრს ზრდა ნამდვილად სჭირდება. მიუხადავად იმისა, რომ NBA-ში გადასვლამდე, ის პერიმეტრიდან კარგ მსროლელად ითვლებოდა, ამ კომპონენტის დასტაბილურება მაინც გაუჭირდა. ამ დროისთვის მისი 124 სამქულიანიდან მხოლოდ 23.4% გამოდგა ზუსტი, რაც მაგარ შედეგად ნამდვილად ვერ ჩაითვლება. გოგასთვის პრობლემატურია ფარქვეშიდან შეტევაც, რისთვისაც საკმარისი კუნთოვანი მასა არ გააჩნია. შედარებით იოლი გასავლელია მისი სქრინებიც.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ბითაძე პროგრესს არ განიცდის. მას შეტევაშიც შეუძლია თამაშის წაკითხვა და მიუხედავად ასაკისა, მოედანზე არავის უშინდება. მეტწილად იყენებს იმ მატჩებს, როდესაც შედარებით მეტ სათამაშო დროს აძლევენ. ამ სეზონშიც მხოლოდ ერთხელ ათამაშეს და 17 წუთში 7 ქულა და 9 მოხსნა ჰქონდა. წუთების შემცირებამ გოგას ზრდა ასე თუ ისე შეანელა, თუმცა, ვისაც სურს, შეტევაში მის უნარებსაც ნათლად დაინახავს.

“მე მომწონს მისი თამაში, თანაც მოედნის ორივე მხარეს. მას საოცარი საკალათბურთო IQ გააჩნია და ოსტატობაც შესაბამის დონეზე აქვს. სამქულიანებსაც კარგად ესვრის, ამიტომაც ვეუბნებით, რომ როდესაც ღია პოზიციაზე იქნება, ყოველთვის შეუტიოს. გოგა მოედანზე სწორად გადაადგილდება. ზოგადადაც, ისეთი ტიპის მაღალი კალათბურთელია, რომელსაც ბევრი უნარი აქვს. ისეთ რაღაცეებსაც აკეთებს, რაც მაგალითად დომანტას საბონიის გამოსდის მაგრად ”, - აღნიშნა პეისერსის წინასასეზონო ციკლში კარლაილმა.

ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ბითაძეს უნიკალური უნარები აქვს, თუმცა, ის ნამდვილად უკეთესია, ვიდრე – რიგითი სათადარიგო. ამასთან, მუდმივად ვითარდება და შესაძლოა, მომავალი სეზონისთვის გაცილებით უკეთესი კალათბურთელი იყოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გოგას საოცარი ნახტომი არ ექნება, NBA-ს კლუბისთვის 4.8 მილიონის გადახდა თუნდაც საიმედო სათადარიგო ცენტრის გამოსაზრდელად, ურიგო ნაბიჯი არ უნდა იყოს. ინდიანამ დაახლოებით იგივე რამ გააკეთა 2018-19 წლების სეზონში კაილ ო’ქუინთან მიმართებაში და ვფიქრობთ, ამჯერადაც, თუ ასე მოიქცევა, მართებული იქნება.

“ყველაფერზე ერთად, რათა მომემატებინა სისწრაფეში, მოქნილობაში და ზოგადად უკეთეს ფორმაში შევსულიყავი. ზედმეტი ცხიმის მასაც მოვიშორე”, - აღნიშნა გოგამ, როდესაც სეზობის წინ ჰკითხეს, განსაკუთრებულად რის გამოსწორებაზე მუშაობდა. “ვეცდები, რომ მოედანზე სწორი გადაწყვეტილებები მივიღო და სამქულიანების სროლაც უნდა დავხვეწო, რადგანაც ბოლო წლებში ამ მხრივ არცთუ კარგი პროცენტული მაჩვენებლები მქონდა”.

'ჩემს პოზიციაზე გუნდს 2 მაგარი კალათბურთელი ჰყავს, ამდენად, ამ სეზონში გარღვევა უნდა მოვახდინო'

ნათელია, რომ ბითაძის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს ინდიანას სახელფასო ჭერის გათვალისწინებაც მოუწევს. კლუბმა კარგად უნდა გათვალოს დანახარჯები, რაც არცთუ კარგად გამოუვიდა ტი ჯეი ლიფის შემთხვევაში. ამ უკანასკნელს დაახლოებით გოგას მსგავსი ვითარება ჰქონდა და ინდიანამ მისი გაშვება არჩია, თუმცა, მაშინ კოვიდ-პანდემიის გამო გამოწვეული გაუთვალისწინებელი კრიზისი იყო. ახლა, სიტუაცია უფრო დალაგებულია და პეისერსსაც კარგად დაფიქრება მართებს. იდეაში, ასეც ხდება, რადგანაც თითქმის ყველა სხვა გუნდმა მსგავს ვითარებაში გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ინდიანა კი ბითაძეზე ჯერაც ფიქრობს და ისეთი პირი უჩანს, ვერდიქტს მაქსიმალურად ბოლოსკენ გამოიტანს. სხვა საკითხებთან ერთად, პეისერსში ერთ რამეზეც უნდა დაფიქრდნენ. რა იქნება მაშინ, თუკი ბითაძეს მაგარი სეზონი ექნება და ამ შანსის გაშვების შემთხვევაში, მის შესანარჩუნებლად უკვე გაცილებით მეტი იქნება საჭირო, ვიდრე მხოლოდ – 4.8 მილიონი.

“მუდმივად წინ უნდა ვიმოძრაო. ჯერაც ახალგაზრდა ვარ და მომატება შემიძლია. ჩემს პოზიციაზე გუნდს 2 მაგარი კალათბურთელი ჰყავს, ამდენად, ამ სეზონში მაქსიმალური გარღვევა უნდა მოვახდინო”, - როდესაც წინა თვეში გოგა ამ სიტყვებს ამბობდა, ცხადია, კარგად ესმოდა, რომ ეს ჩემპიონატი მის კარიერაში ბევრი რამის გადამწყვეტი იქნებოდა.

როდესაც პეისერსი გოგას თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ცხადია, იმ 2 დიდი ბიჭის ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს, რომლებიც ბითაძემ ახსენა. ტერნერი და საბონისი უკვე არაერთი წელია ერთად თამაშობენ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტუალურად რჩება კითხვა, მათ ერთდროულ დატვირთვას გუნდისთვის სარგებელი რამდენად მოაქვს.

თუკი პრიტჩარდი და ინდიანას ფრონტ-ოფისი ბოლო-ბოლო გადაწყვიტენ, რომ მათგან ერთ-ერთი გაცვლაში ჩართონ, ბითაძე გუნდში გაცილებით მეტ როლს მიიღებს. ამ შემთხვევაშიც, რით არის ცუდი 4.8 მილიონის გადახდა კალათბურთელში, რომელსაც სოლიდური სათამაშო დრო ეძლევა, მაქსიმალურად მოტივირებულია და პერსპექტივაც დიდი აქვს? იმას, რომ რომელიმე წამყვანი მაღლის ტრეიდში ჩართვა, მართლაც განიხილება, კარლაილის შემდეგი სიტყვებიც მოწმობს. “გოგა მზად უნდა იყოს. ის მაღალი კლასის კალათბურთელია, რომელიც სიღრმეს გვაძლევს, ნამდვილად ასეა”. ახლა, გადასაწყვეტი ისაა, გადაწყვეტს თუ არა გუნდი, რომ გოგა მხოლოდ საიმედო სათადარიგო აღარ იყოს და გაცილებით მეტი როლი დაეკისროს.

საერთო ჯამში, ბითაძის საკითხზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, ჩვენი აზრით, სიტუაცია საკმაოდ ნათელია: გოგას ამჟამინდელი დონიდან გამომდინარეც კი, მისი შენარჩუნებით, ინდიანა გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე – ნეგატივს. ბითაძეს ზრდა ჯერ არ შეუჩერებია და თუკი სასურველ დონეზე გასვლა მოახერხა, შეიძლება, ის კალათბურთელი გახდეს, რომელიც პეისერსს მრავალი სეზონის განმავლობაში გამოადგება. გადაწყვეტილების მიღებამდე ხუთიოდ დღე რჩება და თუკი პროგნოზის გაკეთებაზეა საქმე, ვფიქრობთ, რომ ის გოგა ბითაძის სასარგებლოდ იქნება”.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, გოგა ბითაძემ ინდიანაში მე-3 სეზონი დაიწყო, თუმცა, სტაბილური სათამაშო დროის მოპოვებას ვერ ახერხებს. მიმდინარე სეზონშიც მან 4-დან მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა, რომელიც მისთვის ამერიკულ კარიერაში საიუბილეო – მე-100 გამოდგა. 22 წლის ქართველმა ცენტრმა სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსთან მოედანზე 17 წუთი გაატარა და 7 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, ამასთან, გადამწყვეტი მე-4 მეოთხედი თავიდან ბოლომდე ითამაშა. პეისერსს მომდევნო შეხვედრა 28 ოქტომბერს, ტორონტო რეპტორსთან ელის.

გოგა ბითაძის რეკორდები NBA-ში

წუთები: 32 - 2019 წელს ჰორნეტსთან
ქულები: 14 - 2021 წელს ტიმბერვულვზსთან
მოხსნები: 11 - 2019 წელს ჰორნეტსთან
პასები: 6 - 2021 წელს ბულსთან
ჩაჭრები: 2 - 4-ჯერ, მათ შორის გუშინ მილუოკისთან
დაფარებები: 5 - 2021 წელს სპურსთან
მოხსნები შეტევაში: 7 - 2021 წელს ბაქსთან
მოხსნები დაცვაში: 7 - 2019 წელს ჰორნეტსთან
3-ქულიანები: 3 - 2021 წელს ჯაზთან

კომენტარები

ბოლო ამბები