Thumbnail

NBA-ის ჩემპიონმა მილუოკი ბაქსმა სანდრო მამუკელაშვილი განვითარების (G) ლიგის კლუბ ვისკონსინ ჰერდში გაუშვა. ეს გუნდი G ლიგაში ბაქსის სარეზერვო გუნდად მიიჩნევა. 

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი დრაფტის 54-ე ნომრად აირჩიეს და მას კლუბთან სტანდარტული კონტრაქტის ნაცვლად ეგრეთ წოდებული ორმხრივი ხელშეკრულება აკავშირებს, რომლის მიხედვითაც სანდროს NBA-ის რეგულარული სეზონის 82 მატჩიდან მაქსიმუმ 50-ში შეუძლია განაცხადში ყოფნა. ასე რომ, სეზონის ნაწილს მამუკელაშვილი განვითარების ლიგაში გაატარებს, სადაც სათამაშო პრაქტიკა უხვად ექნება. ეს სეზონის დაწყებამდეც ცნობილი იყო.

სანდრო მამუკელაშვილმა პირველ 4 მატჩში ძირითადად დადებითი შთაბეჭდილება დატოვა

ბაქსმა ვისკონსინ ჰერდში სანდროსთან ერთად დრაფტის მე-60 ნომერი გეორგიოს კალაიცაკისიც გაუშვა. "ყოველთვის იმას ვერ მიიღებთ, რაც გსურთ. მაგალითად, ბოლო დროს მილუოკის ფანების მოთხოვნაა, რაც შეიძლება მეტი მამუ... "ფისერვ ფორუმზე" მამუკელაშვილს დროებით ვერ ვნახავთ, რადგან ბაქსი დრაფტის ორივე არჩევანს G ლიგაში უშვებს", - წერს brewhoop.com. 

ვისკონსინ ჰერდი სეზონისწინა შეკრებას იწყებს. მამუკელაშვილმა მილუოკიში ჯამში 50 წუთი გაატარა და 14 ქულა მიითვალა. საიტის აზრით, მან ნაკლოვანებთან ერთად დიდი პოტენციალი აჩვენა ამ წუთებში: "ის ბურთს კარგად ატარებს, სქრინებს აყენებს. ძირითადად, სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ისიც ჩანს, რომ დაცვაში თამაშს სწავლობს, მაგრამ ცოტა ათლეტიზმი და სისწრაფე აკლია. ინდიანასთან მამუს ძალიან გაუჭირდა საბონისთან თამაში და ვერც საბონისისა და ბროგდონის პიკნროლს გაუმკლავდა, თუმცა ძირითად მის თამაშს პოზიტიურად შევაფასებდით", - წერს brewhoop.com. ვისკონსინ ჰერდი 8 ნოემბერს კლივლენდ ჩარჯს ხვდება, რომელიც კავალიერსის სარეზერვო გუნდია. 

"მამუკელაშვილისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კარგი ნაბიჯია G ლიგაში ის განვითარდერება, რომ NBA-ს უფორ მზადყოფნაში შეხვდეს. ვისკონსინ ჰერდში მას მეტი შესაძლებლობა ექნება ბურთის ტარებისა და პასების ოსტატობა გამოავლინოს, რაც ბაქსში ბუნებრივია, შეზღუდული ჰქონდა. მისი პლეიმეიკერული მონაცემები უნიკალურია და ის არ უნდა დაიკარგოს. აგრეთვე, მან გამოავლინა კარგი უნარები მოხსნებში, განსაკუთრებით მეტოქის ფარზე. თანაც, NBA-ში ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშში უკვე მიიღო შესანიშნავი გამოცდილება. პირველივე მატჩებმა აჩვენა, რომ მილუოკის მამუკელაშვილის სახით ჰყავს პოტენციური როტაციის მოთამაშე. ამიტომ მისი სწორი განვითარება მილუოკისთვის მნიშვნელოვანია", - წერს behindthebuckpass.com. 

სანდრო მამუკელაშვილმა პირველ ოთხ მატჩში საშუალოდ 3.5 ქულა, 2.0 მოხსნა და 0.5 პასი მიითვალა. მისი რეკორდი მატჩში 12 ქულა და 4 მოხსნაა (მაიამის წინააღმდეგ). 

კომენტარები

ბოლო ამბები