Thumbnail
  • ესპანური მედია გიორგი მამარდაშვილსა და იასპერ სილესენს ერთმანეთს ადარებს
  • ფაქტია, კარში 32 წლის ნიდერლანდელი მეკარის დაბრუნებამ ვალენსიას ვერ უშველა
  • ჯერჯერობით, სტატისტიკა ქართველი გოლკიპერის სასარგებლოდ მეტყველებს 

ერთი თვეა, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას სათადარიგოთა სკამზე ზის, გუნდის მთავარი მწვრთნელი ხოსე ბორდალასი კი ნდობას გამოცდილ იასპერ სილესენს უცხადებს. ესპანურ მედიაში საინტერესო სტატია გამოჩნდა, რომელის ავტორი სტატისტიკას იშველიებს, ქართველ და ნიდერლანდელ მეკარეებს ერთმანეთს ადარებს და ასკვნის, რომ გიორგი იასპერს თუ არ აღემატება, არაფრით ჩამოუვარდება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი მეკარე ესპანურ კლუბში ზაფხულში, იჯარით გადავიდა და თავდაპირველად კლუბის სარეზერვო გუნდში განიხილებოდა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის თავის კარგად წარმოჩენისა და იასპერ სილესენის ტრავმის გამო, სეზონის სტარტზე ვალენსიას პირველ მეკარედ მოგვევლინა. მამარდაშვილმა ლა ლიგის 6 მატჩში ითამაშა, სექტემბრის ბოლოდან კი ადგილი უკვე ნიდერლანდელს დაუთმო.

ხოსე ბორდალასს მეკარის შეცვლამ ჯერჯერობით ვერ უშველა 

"ვალენსიას კარში დაბრუნება იასპერ სილესენისთვის იოლი არ გამოვიდა. ბორდალასი ზედიზედ ექვსი თამაშია, ვერ იგებს და მდგომარეობა კარში ნიდერლანდელის დაყენებამაც ვერ გამოასწორა. მხოლოდ ერთი მატჩი "მშრალად" შენახული კარით (კადისთან) და ბოლო 4 თამაშში გაშვებული 6 გოლი ნიშნავს, რომ სილესენი ვერ ახერხებს ამოცანისთვის თავის გართმევას. 

შესაბამისად, რეალობა ისეთია, რომ იასპერ სილესენი ვერ სჯობნის გიორგი მამარდაშვილს. სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე ქართველმა გამოიყენა თავისი შანსი და დაიმსახურა ნდობა, მიუხედავად იმისა, რომ ბორდალასი თავდაპირველად კარში სილესენს მოიაზრებდა. ხეტაფესა (1:0) და ალავესთან (3:0) მისმა დამაჯერებელმა თამაშმა საყოველთაო ეიფორია გამოიწვია, მაგრამ რეალსა (1:2) და სევილიასთან (1:3) დაშვებულმა შეცდომებმა, ბორდალასი იძულებული გახადა, კარში სილესენი დაეყენებინა.

მამარდაშვილმა 6 მატჩში ჯამში 7 გოლი გაუშვა, აქედან ორ თამაშში კი კარი "მშრალად" შეინახა. ეს ნიშნავს, რომ გიორგი საშუალოდ მატჩში 1,16 გოლს უშვებდა.

სეზონის სტარტზე გიორგის დამაჯერებელი თამაში ბევრისთვის მოულოდნელი იყო

იასპერი მთავარი გმირი იყო ბილბაოსთან, სადაც უილიამსს არ გაატანინა და ვალენსიას ქულა გადაურჩინა (1:1). კადისში მან გოლი საერთოდ არ გაუშვა (0:0), "კამპ ნოუზე" კი სამი ბურთი მიიღო (1:3). კიდევ ორი ბურთის საკუთარი კარიდან გამოტანა გოლკიპერს მალიორკასთან (2:2) მოუხდა.

სტატისტიკით, სილესენი (4 მატჩი, 6 გაშვებული გოლი) საშუალოდ თამაშში 1,5 გოლს უშვებს. ფაქტობრივად, ნიდერლანდელმა მეკარემ მომდევნო ტურებში, ბეტისსა და ვილიარეალთან შეხვედრებში, გოლი საერთოდ არ უნდა გაუშვას, რათა თავის თანაგუნდელზე (მამარდაშვილზე) უკეთესი შედეგი აჩვენოს, უარეს შემთხვევაში კი, მხოლოდ ერთი უნდა მიიღოს, რათა გაუთანაბრდეს მას", - წერს plazadeportiva.

იასპერ სილესენმა უახლოეს მატჩებში გოლი აღარ უნდა გაუშვას

ლა ლიგაში გასული 10 ტურის შემდეგ, ვალენსიას 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ხოსე ბორდალასის გუნდი 27 ოქტომბერს, სტუმრად ბეტისთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები