Thumbnail

ვენის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

გაირკვა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 515 215 ევრო) მერვედფინალში დაუპირისპირდება.

ის იტალიელი მატეო ბერეტინია, რომელსაც ATP-ს რეიტინგში მე-7 ადგილი უკავია, Erste Bank Open-ზე კი მე-3 განთესვა გააჩნია. აპენინელი დღეს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ალექსეი პოპირინს (ავსტრალია) გაეჯიბრა და 7:6 (7:3), 6:3 სძლია.

ბასილაშვილი 25 წლის აპენინელს კარიერაში 5-ჯერ შეხვედრია და მინიმალური ჩამორჩენა აქვს, თუმცა კი, ბოლო სამ შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა. 2014 წელს ბასილაშვილმა იტალიურ ანდრიაში ბერეტინის 7:5, 7:6 (7:4) სძლია, 2018-ში მარაკეშში (მაროკო) ასევე ორ სეტში აჯობა – 7:6 (7:2), 6:4, შემდეგ კი, მატეოს ჯერი დადგა. 2018 წელსვე, უინსტონ სალემში (აშშ) ბერეტინიმ ნიკოლოზს 7:5, 6:3 მოუგო, 2019-ში ჰალეში (გერმანია) 6:4, 6:4 დაამარცხა და ბოლოს, წლეულს, რომის მასტერსზეც აჯობა – 4:6, 6:2, 6:4.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა საწყის რაუნდში დიდი ბრძოლა გადაიტანა და ორსაათნახევრის თავზე ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას 7:5, 4:6, 6:3 სძლია. ნიკასა და მატეოს მატჩი სავარაუდოდ ოთხშაბათს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები